2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიისას დაზარალებულ 14 ოჯახს კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღია, -ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ ჟურნალისტებს 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან განუცხადა. როგორც ტურძელაძემ აღნიშნა, ამ ოჯახებს სასამართლო დავები აქვთ, რის გამოც პროცესის დასრულებამდე მათი კომპენსაციებით დაკმაყოფილება ვერ ხერხდება.
"2015 წლის 13 ივნისი იყო მეტად ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ყველაზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს ვერანაირად ვერ დავაბრუნებთ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციით დაკმაყოფილებას, თქვენ უკვე ხედავთ რომ ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა და აღდგენილია ის დაზიანებები, რაც 13-მა ივნისმა გამოიწვია. სტიქიით დაზარალებულები რამდენიმე კატეგორიად დაიყო - პირველი-მეორე კატეგორია, რომლებსაც ფართები დაკანონებული ჰქონდათ და პირველი-მეორე კატეგორია, რომლებსაც ფართები დაუკანონებელი ჰქონდათ.
მერიამ დაზარალებულებს კომპენსაციის შესაბამისი შეთავაზებები გაუკეთა და მათი უმრავლესობა კომპენსაციით დაკმაყოფილებულია. რამდენიმე ოჯახისთვის, რომლებსაც ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ და პირველ კატეგორიის დაზარალებულებს მიეკუთვნებიან, ეს კომპენსაცია მიუღებელი აღმოჩნდა და სასამართლო დავა მიმდინარეობდა, რის გამოც, მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა საშუალება ისინი დავის დასრულებამდე კომპენსაციით დაეკმაყოფილებინა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ მიიღო რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, მერია ამ ოჯახებს შესაბამის შეთავაზებებს გაუკეთებს. სარჩელი შეტანილი ჰქონდა 5 ოჯახს პირველი კატეგორიის დაზარალებულებიდან, რომლებსაც ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.
გარდა ამისა, დარჩენილია, მეორე კატეგორიის დაზარალებულებიდან ოჯახები, რომლებსაც ასევე არ ჰქონდათ ფართები დაკანონებული. მათ შეთავაზებაზეც ველოდებოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გავრცელებულიყო ერთიანი სტანდარტი.
ასევე არიან ოჯახები, რომლებსაც თავიანთი ოჯახის წევრებთან ჰქონდათ სამართლებრივი დავები და მათ დასრულებამდე როგორც მერიას, ასევე ვაკის რაიონის გამგეობას არ აქვს შესაძლებლობა რაიმე კონკრეტული კომპენსაცია გასცეს. ამ დავების დასრულების შემდეგ ყველა ოჯახის კომპენსაციით დაკმაყოფილება მოხდება. ჯამში კომპენსაციით დაუკმაყოფილებელია 14 ოჯახი",- განაცხადა ტურძელაძემ.
13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები, ასევე დაზარალებული ოჯახების ნაწილი.