„შურისმაძიებლების“ უკანასკნელი მესამე ნაწილი მსოფლიო კინოს ისტორიაში მეოთხე ფილმი გახდა, რომელმაც შემოსავლების მიხედვით 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
კომპანია „უოლტ დისნეის“ კუთვნილი „მარველის“ მორიგი ბლოკბასტერი 2018 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია და ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების მსოფლიო რეიტინგში 2,02 მილიარდი დოლარის შემოსავლით მეოთხე ადგილზე განთავსდა. მის წინ არიან მხოლოდ ასევე „დისნეის“ „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ და ჯეიმს კამერონის ორი ფილმი „ტიტანიკი“ და „ავატარი“. ეს უკანასკნელი 2,78 მილიარდის შემოსავლით 2009 წლიდან მიუღწეველია ყველა სხვა დანარჩენი ფილმისთვის.
რაც შეეხება „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“-ს, მისი სალარო შემოსავლები გამოსვლიდან 50 დღის განმავლობაში მხოლოდ ამერიკის მასშტაბით 656.1 მილიონს შეადგენს, დანარჩენი 1.3 მილიარდი კი დანარჩენ მსოფლიოზე მოდის. ამ მონაცემით კი ის მსოფლიო მასშტაბით მესამე ფილმია „ავატარისა“ და „ტიტანიკის“ შემდეგ.
„შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ ეს არის მესამე ფილმი „შურისმაძიებლების“ სერიიდან. აღსანიშნავია, რომ წინა ორი ფილმის შემოსავლებიც მილიარდ დოლარზე მეტია, თუმცა ვერცერთმა მათგანმა 1,5 მილიარდზე მეტის გამომუშავება ვერ შეძლო.
ცნობისათვის, ფილმი მსოფლიოს დიდ ეკრანებზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ არის დიდი ალბათობა მან საბოლოო შემოსავლებით გადაუსწროს ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმების რეიტინგში მესამე ადგილოსან „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებას“, თუმცა ამისთვის მას დამატებით 66 მილიონი დოლარის შემოსავალი სჭირდება, რაც სავარაუდოდ, მიღწევადი იქნება.
კოკა კვირკველია