ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, ირანის და ვენესუელას მიერ ბაზარზე ნავთობის მიწოდების მოცულობა შესაძლოა, 30 პროცენტით შემცირდეს.
OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) და რუსეთის ყოველდღიური მიწოდება მაისში 50 000 ბარელით გაიზარდა და 31.69 მილიონ ბარელს მიაღწია. ზრდა მეტწილად განაპირობა საუდის არაბეთში, ერაყსა და ალჟირში წარმოების მატებამ, რამაც იმავდროულად, ვენესუელასა და ნიგერიაში წარმოების მკვეთრი კლება გადაფარა.
შეერთებული შტატების მიერ, ირანისა და ვენესუელას მიმართ სანქციების გამკაცრებამ, ამ ორი ქვეყნის წარმოებაზე ძლიერ იმოქმედა. და IEA ვარაუდობს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. სააგენტოს პროგნოზით, მათი ნავთობის ექსპორტი 30 პროცენტით შემცირდება.
22 ივნისს ქალაქ ვენაში OPEC-ის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც გლობალურ ბაზარზე მიწოდების გაზრდის მიზანშეწონილებას განიხილავენ. OPEC-ის და მისი არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნების 2017 წლის შეთანხმებით, ბაზარზე ნავთობის დღიური მიწოდება 1.8 მილიონ ბარელით შეიზღუდა. ვენის სხდომაზე კი ამ შეზღუდვის 0.8 მილიონ ბარელამდე შემცირების საკითხს განიხილავენ.
IEA ასევე აქვეყნებს ბაზრის მომავალი წლის პროგნოზს, რომლის შესაბამისადაც, მსოფლიო ბაზრის მოთხოვნა, დღეში 1.4 მილიონ ბარელით გაიზრდება და ეს ზრდა, ძირითადად ნავთობქიმიური წარმოების ზრდით იქნება განპირობებული. იმავდროულად, სააგენტო დასძენს, რომ მისი პროგნოზის კორექტირება, გაუთვალისწინებელ მოვლენებს შეუძლია.
OPEC-ი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს მისი არაწევრი ექსპორტიორების მიერ დღიური მიწოდება 1.7 მილიონი ბარელით გაიზრდება, რაც წლევანდელ ზრდაზე (2 პროცენტი) ნაკლებია. ყველაზე მაღალი ტემპით ექსპორტს აშშ გაზრდის, რომელზეც OPEC-ის არაწევრ ქვეყნებს შორის, ექსპორტის ზრდის დაახლოებით 75 პროცენტი მოდის.
დღეს დილით ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 75.56 დოლარი იყო (0.43 პროცენტით დაიკლო), აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI) კი 66.22 დოლარი (0.21 პროცენტით შემცირდა) ღირდა.