„არემჯის“ მხარდაჭერით, „ბოლნური ღვინო“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ბოლნური ღვინოები იქნება წარმოდგენილი.კომპანია „არემჯის“ პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო გამოფენაზე, მეღვინეთა გაერთიანება „ბოლნური ღვინო“ 15-მდე საოჯახო მარნის ღვინით წარსდგება მომხმარებლის წინაშე.

„ბოლნისი, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი კერაა, ქართული ტრადიციული წესით - ქვევრში დაყენებული ღვინოებით გამოირჩევა. სწორედ ამ ტრადიციის აღდგენას და ბოლნური ქვევრის ღვინოების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად „არემჯის“ მხრიდან საოჯახო ტიპის მარნების მხარდაჭერა.

ღვინის ექსპო ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა რეგიონში, რომელიც სტუმრებს მთელი მსოფლიოდან წარუდგენს ეროვნული და საერთაშორისო ღვინის ფართო ასორტიმენტს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„რამდენიმე წელია, რაც ბოლნისელმა მეღვინეებმა აქტიურად დაიწყეს ღვინის ქართული ტრადიციული წესით ქვევრში დაყენება. მივესალმებით ამ ტრადიციის აღდგენას. კომპანიის სურვილია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბოლნური ღვინის განვითარებას და მის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. ვფიქრობ, მსგავს გამოფენებში მონაწილეობით ბოლნური ღვინო, რომელიც საუკეთესო გემოვნური თვისებებით გამოირჩევა მალე ძალიან პოპულარული გახდება. წარმატებას ვუსურვებ ყველა მეღვინეს და სტუმრებს ვურჩევ ბოლნური ღვინის დაგემოვნებას“, - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.