ბიუჯეტის გარღვევის დეტალები

გზებზე, რეგიონულ პროექტებსა და სოფლის პროგრამებში დიდი ჩავარდნაა...

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სახელმწიფო ბიუჯეტის ჩავარდნასა და სახელმწიფო პროგრამების შეუსრულებლობაში სრული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ექსპერტები ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს, რატომ ვერ ხდება საბიუჯეტო სახსრების ათვისება, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოს.

”ბიზნეს-რეზონანსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი მაისის მდგომარეობით, საგზაო ინფრასტრუქტურის ღონისძიების გაუმჯობესებისთვის 90,383 მილიონი ლარი დაიხარჯა, გეგმა კი 227,848 მილიონი ლარია. გზების მოვლა-შენახვისთვის უნდა დახარჯულიყო 93,380 მილიონი ლარი, მხოლოდ 43,544 მილიონი ლარია ათვისებული. სერიოზული გარღვევაა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით. გეგმის მიხედვით, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 127,5% მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო და მხოლოდ 32 მილიონი ლარია ათვისებული.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 53,828 მილიონი ლარი. 1-ლი მაისის მდგომარეობით, აუთვისებელი თანხების მოცულობამ 12 526.5 ათასი ლარი შეადგინა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯი მთლიანი ხარჯების 8,6%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც 2013 წელს ეს მაჩვენებელი 10,9% იყო, ხოლო 2012 წელს - 12,4%. 2013 წლის მთავარი პრობლემა სწორედ ხარჯების დაბალი მაჩვენებელი იყო, რამაც საბოლოოდ, ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დანაკლისი, ბოლო კვარტალში კი ლარის კურსზე ზეწოლა გამოიწვია.

გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, პრობლემებია სხვა მიმართულებითაც. ჯანმრთელობის დაცვის ხაზით 2014 წლის ექვსი თვის გეგმით განსაზღვრულია 332,384 მილიონი ლარი, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა 163,755 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 49,3%-ია შესრულებული (სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მთლიანი მოცულობის 7.2%).

”ბიზნეს-რეზონანსმა” პირველმა ამცნო საზოგადოებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტებისა და საგარეო ვალდებულებების გეგმის ნაწილში სერიოზული გარღვევა იყო. აღსანიშნავია, რომ 4 თვეში შემოსულმა გრანტებმა 6-თვიანი გეგმის მხოლოდ 4% შეადგინა, ანუ აქ 96%-იანი გარღვევაა. კერძოდ, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმით, ქვეყანამ 100,121 მილიონი ლარის გრანტი უნდა მიიღოს, თუმცა 4 თვის შესრულების მიხედვით, მხოლოდ 4,408 მილიონი ლარია შემოსული. დარჩენილ 2 თვეში ქვეყანამ 95 მილიონ ლარზე მეტი გრანტის მოზიდვა უნდა მოახერხოს, რაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია.

გარდა ამისა, ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, 6 თვეში 276 მილიონ ლარზე მეტი საგარეო სესხი უნდა აგვეთვისებინა, 4 თვეში კი მხოლოდ 78 მილიონი ლარი გვაქვს მიღებული (მთლიანი გეგმის მხოლოდ 28%). სამაგიეროდ, წარმატებით სრულდება შიდა ვალის აღების გეგმა, ამ თვალსაზრისით ბიუჯეტმა 6-თვიანი გეგმის 71% უკვე შეასრულა.

”ბიზნეს-რეზონანსმა” ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა კითხვით - იღებს თუ არა სამინისტრო პასუხისმგებლობას შეუსრულებელ ბიუჯეტზე, თუმცა ამაზე ჯეროვანი პასუხი ვერ მივიღეთ.

”გრანტებისა და საინვესტიციო გრძელვადიანი კრედიტების მიზნობრიობა და განხორციელების სტანდარტები დარეგულირებულია დონორსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ხოლო მიზნობრივად დაფინანსებული პროექტებისთვის თანხების ხარჯვა ხდება მათი განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ (ინფორმაციისთვის, ზოგიერთი დონორი თავად ახორციელებს მის მიერ დაფინანსებულ პროექტებს). ამიტომ 4 თვის საკასო მაჩვენებლების 6 თვის გეგმასთან მიმართებაში განხილვა მიზანშეწონილი არ არის. საბოლოო დასკვნების გაკეთება და დეტალური ანალიზი შესაძლებელია 6 თვის გასვლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციები მუშაობენ, რათა პროექტების განხორციელების საკასო შესრულების მაჩვენებლები დაგეგმილ პარამეტრებს დაუახლოვდეს”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ინფრასტუქტურის სამინისტროდან კი ”ბიზნეს-რეზონანსს” შეატყობინეს, რომ რამდენიმე დღეში პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემენ. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხის 60-70% კრედიტია. მათგან განსაკუთრებით დიდი წილი მსოფლიო ბანკის თანხაზე მოდის. ამ ეტაპზე, მდგომარეობის შეფასებისგან თავი შეიკავეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებშიც.

ფაქტობრივად, ხელისუფლება სირაქლემას როლშია, რადგანაც არ შესწევს უნარი, აუხსნას საზოგადოებას, თუ რატომ ვერ ახერხებს უკვე დაფინანსებული პროექტებისა თუ პროგრამების განხორციელებას, რომელსაც ათასობით ადამიანი უნდა დაესაქმებინა, ტურისტები მოეზიდა და რეგიონის მოსახლეობისთვის შემოსავალი მოეტანა.

ექსპერტები სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ. ლევან ალაფიშვილის განცხადებით, ყველა ხელისუფლებას სენად ექცა ბიუჯეტს უყუროს ისე, როგორც ციფრების კრებულს, არადა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, მათ შორის, პოლიტიკური, სწორედ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული.

”ამ პროცესს მოსდევს პასუხისმგებლობა, უპირველესად, მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროსი. ახალ საკონსტიტუციო მოდელში, მთავრობა უზრუნველყოფს ბიუჯეტის დაგეგმვას, შემდეგ შესრულებას და ანგარიშგებას. მე ველი, რომ პარლამენტი აღმოჩნდება სათანადო სიმაღლეზე და 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, რომელიც უკვე წარდგენილია განსახილველად, სათანადოდ შეაფასებს და არა ფორმალურად, როგორც წინა მთავრობის დროს ხდებოდა. დაისმევა საკმაოდ კრიტიკული კითხვები. პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ მას აინტერესებს, რატომ ვერ გათვალა ფინანსთა სამინისტრომ კონკრეტული საკითხები”, - აცხადებს ალაფიშვილი.

მისი აზრით, საბოლოო ჯამში, შეუსრულებელ ბიუჯეტზე უმთავრესი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ”ასე რომ, ვფიქრობ, მთავრობამ სისტემურად უნდა გაიაზროს ნაკლოვანებები”,- ამბობს ალაფიშვილი.

კიდევ ერთი ექსპერტის, გიორგი ღაღანიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში მთავარი ის კი არ არის, რატომ ვერ შესრულდა ბიუჯეტი, არამედ რატომ ვერ ხდება გამოყოფილი თანხის ათვისება.

”ფინანსთა სამინისტრო სხვა სამინისტროს მაგიერ სამუშაოს ვერ შეასრულებს. აქ ყველაზე სერიოზული კითხვაა, რატომ არ იხარჯება ეს თანხა? იმედია, ამ მთავრობაში პასუხის გაცემას მოახერხებენ”, - ამბობს გიორგი ღაღანიძე.

სპეციალისტები გარკვეულ პრობლემას ხედავენ იმაშიც, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ეფექტური შიდა აუდიტის სისტემის შექმნა, რომელზედაც პასუხისმგებელი სწორედ ფინანსთა სამინისტროა.

”შიდა აუდიტი საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ შიდა აუდიტი უზრუნველყოფს დაგეგმილი პროგრამების ჯეროვან მართვას და გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირებას, ამ მონაცემების განზოგადებას და მმართველი რგოლისთვის მიწოდებას. ასე რომ, ეს ყველაფერი ბიუჯეტის სწორ მართვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ერთ-ერთი კომპონენტი და არა ერთადერთი”, - ამბობს ლევან ალაფიშვილი და დასძენს, რომ შიდა აუდიტის არსებული სისტემა არანაირ სტანდარტებს არ პასუხობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვაზე პასუხისმგებელია ფინანსთა სამინისტრო. ეს მან წლების წინ აიღო და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც აღიარა. ”ბიზნეს-რეზონანსს” ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ეფექტური სისტემის შემუშავებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო:  გაზეთი ”რეზონანსი”