„პორშემ“ თავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გამოაცხადა, რომ მისი პირველი ელექტრომობილის სახელად, „ტაიკანი“ შეარჩია.საუბარია კონცეპტ „მიშენ E-ს“ სერიულ ვერსიაზე, რომლის წარმოებაც მომავალ წელს დაიწყება.
სპორტული ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანიას, თავისი ავტომობილებისთვის ცხოველების სახელების დარქმევა ჩვევია. და ამ მხრივ, გამონაკლისი არც პირველი ელექტრომობილი იქნება - სიტყვა „ტაიკანი“ ევრაზიული წარმოშობისაა და ასე თურმე ახალგაზრდა ცხენს ეძახიან.
სახელის გარდა, „პორშეს“ მთავარმა აღმასრულებელმა ოლივერ ბლუმმა ასევე ავტომობილის ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელი გაგვაცნო. კერძოდ ის, რომ „ტაიკანი“ ორი ელექტრო ძრავით აღიჭურვება, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 600 ცხენის ძალას მიაღწევს. მათი დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.5 წამში მიაღწევს, 200-მდე კი 12 წამი წყოფა. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ „ტაიკანის“ სვლის სიშორე 500 კილომეტრზე მეტი იქნება.
როდესაც ავტომობილის ელემენტები დაიცლება, სწრაფად დასამუხტი სისტემით, 4 წუთში იმდენი ენერგიის შევსებაა შესაძლებელი, რაც 100 კილომეტრის გავლას უზრუნველყოფს. ეს კი ის თვისებაა, რომელიც „ტაიკანს“ ყველა თანამედროვე ელექტრომობილისგან გამოარჩევს და მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.