პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.შეგახსენებთ, რომ პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თანამდებობა დატოვა. გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერსდა, რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერ-მინისტრი.
მიმდინარე წლის 31 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მამუკა ბახტაძის შემოსავალმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2017 წლის 13 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 11 151,43 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, ბახტაძე ფლობს 355,05 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 670 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს მცხეთაში, რომელიც 2016 წელს აჩუქეს.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 6,02 ლარი, 1,37 ლარი, 8 540,89 ლარი, 0,73 ლარი, 131,04 ლარი და 0,2 ევრო ჰქონდა.
ამასთან, წინა წელს ბახტაძის შემოსავალმა შპს „ჯიარ ტრანზიტის“ საქმიანობის შედეგად 37 465 ლარი; შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ საქმიანობის შედეგად, 16 048,95 ლარი შეადგინა. ორივე კომპანიაში ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ამ კომპანიების პარტნიორი იყო საქართველოს რკინიგზა, რომლის დირექტორიც იყო მამუკა ბახტაძე. აღნიშნულ პოსტზე კი გასულ წელს ბახტაძემ 184 150,51 ლარის შემოსავალი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ფინნასთა მინისტრის პოსტს ბახტაძე 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 43 პროცენტს მამუკა ბახტაძის შესახებ არ სმენია. IRI-ის კვლევის მიხედვით კი, გამოკითხულთა 55 პროცენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის სახელი არ სმენია.
ცნობისთვის, ბახტაძის პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით მედიაში რამდენიმე თვეა აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია. ამასთან, იწერებოდა, რომ ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის შვილთან უტა ივანიშვილთანაც მეგობრობდა, თუმცა როგორც ბახტაძემ „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა, ის ივანიშვილის არცერთ შვილს არ იცნობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ბახტაძე თავად ივანიშვილმა „საინტერესო პიროვნებად“ მოიხსენია.
რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, ფინანსთა მინისტრობამდე მამუკა ბახტაძე „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. ასევე, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორად მუშაობდა; სხვადასხვა დროს იყო სასტუმროების ქსელ „რჩეულის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და „საქართველოს რკინიგზა" პროექტის მენეჯერი.