"საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა"

საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, მისი ხედვები რამდენიმე ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული. 

„ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. უახლოეს დღეებში მე საქართველოს პარლამენტში წარვსდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე. პირველი - ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება. მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს და ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველო არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა, ხოლო ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ფასეულობა.

„თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე. ამისთვის, საჭიროა პრინციპულობა, გუნდურობა, მაღალი კომპეტენციის ხარისხი და ყველა იდეის კონსოლოდიცია. მე დარწმუნებული ვარ ამას აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“, - აღნიშნა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ხედვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, მცირე მთავრობის კონცეფციაა.

„მესამე პრინციპი ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე ანტიკორუფციული ხაზით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.