დარიალის ხეობაში დროებითი გზა გაიხსნება

დარიალის ხეობაში დროებითი სატრანსპორტო გზა რამდენიმე დღეში გაიხსნება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სავალი გზის აღდგენითი სამუშაოები ახალ ფაზაში გადავიდა.

მათივე ინფორმაციით, 17 მაისს, დევდორაკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფისა და რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, მუშაობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებენ. მიმდინარე სამუშაოების მიზანი დროებითი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. ადგილზე 70 ერთეული ტექნიკა და 170-მდე თანამშრომელი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

მეწყერის ჩამოწოლის დღიდან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა საგანგებო შტაბი, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო-სამაშველო სამუშოების დასაგეგმად სხდომები იმართება.

დღეის მდგომარეობით, უკვე მოხერხდა ახალი კალაპოტის გაჭრა და მეწყრის შედეგად დაგუბებული წყლის გადინება, რამაც დატბორილი ადგილი გაათავისუფლა. გრძელდება მდინარე თერგის კალაპოტის გაღრმავების სამუშაოებიც.

ადგილზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო, საიდანაც მეწყერსაშიშ ზონებზე დაკვირვება და მომუშავე ჯგუფებთან მუდმივი რადიოკავშირი ხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილი და მისი მოადგილეები დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს მეთვალყურეობას პირადად უწევენ.

გზის გაწმენდითი სამუშაოები ხეობაში უწყვეტად მიმდინარეობს, რათა დროებითი გზა მალე გაიხსნას და დამეწყრილი ტერიტორია მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოწესრიგდეს.