შვებულებისა და დასვენების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის.საქართველოს ფარგლებს გარეთ დასვენების მსურველთა რიცხვი კი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ მიმართულებებს ირჩევენ ქართველი ტურისტები სამოგზაუროდ ევროპაში და რომელი ქვეყნებია ყველაზე მოთხოვნადი.
ტურისტული სააგენტო starttravel-ის ხელმძღვანელი თათია სუხიტაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დღეს ყველაზე პოპულარულია ევროპის მიმართულებები. ერთი ადამიანი კი საზღვაო ტურებზე საშუალოდ 1800 ლარამდე ხარჯავს.
„პოპულარულობას ინარჩუნებს - იტალია, საფრანგეთი, გერმანია ჩეხეთი, უნგრეთი, ავსტრია. თუმცა ბოლო პერიოდში ქუთაისიდან რაც პირდაპირი რეისები დაემატა, კვიპროსი და ესპანეთის მიმართულებები გააქტიურდა. საზღვაო ტურებისთვის თურქეთი და ეგვიპტე სტანდარტულად მოთხოვნადია. ასევე ესპანეთის, კვიპროსის და იტალიის მიმართულებები.
მომხმარებლები ხშირ შემთხვევაში ფასისა და ხარისხის თანხვედრას ითხოვენ. ასევე აქტუალური გახდა სანახაოებრივი და საზღვაო ტურის კომბინაცია, მაგალითად, ბარსელონას კომბინაცია კოსტა ბრავასთან. საზღვაო ტურებზე ერთი ადამიანი საშუალოდ 1500-1800 ლარის ფარგლებში ხარჯავს. ტროპიკული მიმართულებით ხარჯი მეტია.
რაც შეეხება პოპულარულ ტროპიკულ მიმართულებებს, ესენია ძირითადად ტაილადი, ბალი და მალდივებიც. თუმცა ახლა წვიმების სეზონია და მოთხოვნა ოქტომბრიდან აქტიურდება,“ - განაცხადა სუხიტაშვილმა.
როგორც ტურისტული სააგენტო oktravel-ის მენეჯერმა სალომე ხოშაბაევმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სეზონიდან გამომდინარე ქართველები ძირითადად თურქეთსა და ეგვიპტეს ირჩევენ.
„სეზონიდან გამომდინარე ძირითადად მიდიან თურქეთსა და ეგვიპტეში. რაც შეეხება ევროპას, ყოველთვის პოპულარულია იტალია, საფრანგეთი და გერმანია.
აქტივობა წინა წელსაც ძალიან დიდი იყო და წელსაც. თუმცა ივნისთან შედარებით, მოთხოვნა ივლისში უფრო მატულობს.
ძირითადად დაინტრესებულები არიან საექსკურიო ტურებით, რომელშიც შედის გიდი, აეროპორტში დახვედრა. ევროპაში 5-ვარსკვლავიანზე მოთხოვნა არ აქვთ. სტანდარტულ სამ ვარსკვლავიან სასტუმროებს თავისი საუზმით ჯავშნიან. ასევე აინტერესებთ მიმოხილვითი ექსკურსიები. გარდა ამისა, წინასწარ სურთ მუზეუმების ბილეთები, რომ რიგში დგომა არ მოუწიოთ და ქალაქებს შორის გადაადგილება.
ამ ეტაპზე ევროპაში ორი ადამიანის დასვენება 1800 ლარიდან იწყება, თუმცა აქციების დროს 1500 ლარიც შესაძლებელია.
რაც შეეხება ტროპიკულ მიმართულებებს, ძირითადად აგვისტოს ბოლოს აქტიურდება ჯავშნები. აქტიური პერიოდია ოქტომბერი და ნოემბერი. პოპულარული მიმართულებებია - ტაილადი, მალდივები, შრი ლანკა.“ - აღნიშნა ხოშაბაევმა.
ლიკა ამირაშვილი