საქართველო ელექტროენერგიის დეფიციტს ვერ ერევა.საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ზაფხულშიც გვჭირდება დენის იმპორტი, როცა ადრე ამის საჭიროება მხოლოდ ზამთრის პერიოდში იყო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ყოველ თვე ქვეყანა შემოტანილი ელექტროენერგიით მარაგდება. ასე იყო შარშანაც და შარშანწინაც. ენერგოსექტორში მდგომარეობა ყოველ წელს მძიმდება.
ქვეყანაში ელექტროენერგიის სერიოზული დეფიციტია, უკვე ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ამავე დროს უნდა შეიზღუდოს დენის მოხმარებაც, რაც ძირითადად კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესსა და აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებას უკავშირდება. ერთიც და მეორეც ქვეყნის ენერგოსისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.
ენერგოდეფიციტის ტენდენციას რეალურად ვერაფერს ვუპირისპირებთ. დეპუტატი რეზო არველაძე იმპორტის ზრდის მიზეზად ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ასეთი მდგომარეობა საინვესტიციო პროექტების შეჩერებამ განაპირობა.
"ელექტროენერგიის მოხმარების საკმაოდ დიდი ტემპია. ჩვენ თუ არ ვაწარმოებთ ელექტროენერგიას, იძულებული ვართ, მეზობელი ქვეყნებიდან მივიღოთ. იგივეა თბოელექტროსადგურებთან დაკავშირებითაც. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად დიდია წყლის ჩამონადენი, რათა ჰესებმა კარგად იმუშაოს. ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა გვქონდა 2010 წელს, როცა ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის - 9,6 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია ვაწარმოეთ. 2018 წელსაც ამ მხრივ ცოტა უკეთესი მდგომარეობა იყო.
ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შეყვანის ტემპით ვერ ვეწევით მზარდ მოთხოვნილებას და ესაა პრობლემა. საინვესტიციო პროექტები აღარ არის და ესეც ყველა უბედურების სათავეა. გასული 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი იყო ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ აგიტაცია. ამაში ჩართეს მსოფლიოში ავტორიტეტული ადამიანებიც და საბოლოოდ ინვესტორები დაფრთხნენ. შედეგად მივიღეთ ის, რომ ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო პროექტები შეჩერდა", - აცხადებს "რეზონანსთან" არველაძე.
ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ დენის იმპორტი ოქტომბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება და ეს ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
"მართალია, სახელმწიფოს ძალიან კარგი პროექტები აქვს ენერგეტიკის სფეროში, მაგრამ მათი განხორციელება არ იწყება. მოსახლეობის პროტესტს სახელმწიფო წააწყდა ხუდონჰესთან დაკავშირებით. წესით, პროექტი უკვე უნდა იყოს დაწყებული, მაგრამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა. ახლა წინააღმდეგობა მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც არის. აქედან გამომდინარე, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი საგრძნობლად შეფერხდა, რაც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება", - დასძენს რეზო არველაძე.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე კი ამბობს, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა გარკვეულწილად უკავშირდება ტურიზმს, ანუ ზაფხულის ინფრასტრუქტურას, რასაც ბოლო დროს ე. წ. ციფრული ვალუტის გამომუშავების მანია დაემატა.
"ელექტროენერგიის დეფიციტს შეიძლება დავუპირისპიროთ თბოელექტროსადგურები ზამთრის პერიოდში, მაგრამ აქ დგას მეორე სერიოზული პრობლემა ბუნებრივი აირის სახით, რომელიც დაახლოებით 800 მლნ კუბ/მ მაინც გვჭირდება დენის იმპორტის შესამცირებლად. 2019 წლისთვის შესაძლებელია, სოციალური გაზის მოცულობა გავზარდოთ იმ დონემდე, რომ დენის იმპორტის შემცირებაზე ვიფიქროთ.
ელექტროსადგურების აშენება არ არის მარტივი საქმე. საშუალო და მსხვილი ჰესების მშენებლობის ხანგრძლივობა 5-6 წელია. ამიტომ დაპროექტებაც და მშენებლობის დაწყებაც დროულად უნდა მოხდეს. მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ ენერგეტიკის განვითარება უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ჩვენთან გარკვეული მიზეზების გამო ჰესების მშენებლობა ვერ ხერხდება", - აცხადებს "რეზონანსთან" არაბიძე.
დენის დეფიციტიდან გამომდინარე, ენერგეტიკოსები საუბრობენ იმაზეც, რომ აფხაზეთის მიმართ ენერგეტიკული პოლიტიკა შესაცვლელია და ეს ნაბიჯი დროულად უნდა გადაიდგას.
ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი მირონ ფირცხელიანი ფიქრობს, რომ სწორი მმართველობის პირობებში პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება.
"ახალი არაფერია, მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მიდგომა შესაცვლელია, მაგრამ ახალს ვერაფერს ვაკეთებთ. საქართველოს მთავრობის პოზიცია უნდა შეიცვალოს. თუკი საჭიროა ხისტი ნაბიჯების გადადგმა, ამის არ უნდა შეგვეშინდეს, პრობლემა თანდათან მოგვარდება. არ იქნება ასე და ისევ დავზარალდებით!
არ ვიცი, რას მოგვიტანს სამთავრობო დონის შეხვედრები. კარგს არაფერს ველოდები. უკვე 2 წელია, მიდის აფხაზეთის გამრიცხველიანებაზე საუბარი, მაგრამ ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრა. ყოველთვის, ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება", - აღნიშნა ფირცხელანმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"