ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გატარდა - რა გამოწვევები ექნება ახალ პრემიერს?

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის მატებას, ჭარბვალიანობასა და გაზრდილ ფასებს სფეროს ექსპერტები კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდის მთავარ პრობლემებად ასახელებენ.სოსო არჩვაძის განმარტებით, მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესება და საფინანსო სექტორის რეგულირება ახალი პრემიერისთვისაც გამოწვევა იქნება.

აფბას ვიცე-პრეზიდენტი ყოფილი პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის დროს განხორციელებული რეფორმებიდან დედოლარიზაციასა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ასახელებს. გიორგი კაპანაძის განცხადებით, ქვეყნის ახალი პრემიერის მთავარი გამოწვევა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, სათამაშო ბიზნესის რეგულირება იქნება.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. მისი მმართველობის პერიოდში ეკონომიკა 2,8-დან 5%-მდე გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოიმატა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობამ. 2016 წლის იანვარში საარსებო შემწეობას 407 339 ადამიანი იღებდა, დღეის მონაცემებით კი ეს რაოდენობა - 449 886-ს უდრის. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობაც. კერძოდ, 2016 წლის დასაწყისში მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული იყო 146 200-მდე ადამიანი, დღეს კი ბაზაში 253 770 ჩანაწერია. 

იხილეთ ვიდეო: PALITRANEWS-ზე