ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის სინგაპურში მიღწეული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სინგაპურს შეუძლია გახდეს ჩრდილოეთ კორეის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი.ამის შესახებ ადგილობრივ გაზეთ The Straits Times-ს სინგაპურელმა ექსპერტებმა განუცხადეს.
„კიმ ჩენი ინი ღრმა შთაბეჭდილებების ქვეშ დარჩა ამ ქალაქ-სახელმწიფოს განვითარებით და განაცხადა, რომ ფხენიანმა უნდა მიბაძოს სინგაპურს და ისწავლოს მისგან ბევრი რამ“, - განაცხადა პროფესორმა ლიუ ჰუნმა, რომელიც გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ხელმძღვანელი. მისი თქმით, კიმ ჩენ ინი ძალიან კმაყოფილია სინგაპურის შუამავლის როლით ამერიკასთან ურთიერთობებში და ამ ქალაქს ეძლევა პრიორიტეტი თანამშრომლობის განვითარებისთვის ორ სახელმწიფოს შორის.
მან ასევე გაიხსენა 1978 წელს ჩინელი პოლიტიკოსისა და რეფორმატორის დენ სიაპონის სინგაპურში ვიზიტი, რომელმაც სინგაპურის განვითარების მოდელი შეისწავლა და ამის შემდეგ მისი განხორციელება დაიწყო ჩინეთში. ამ დროს ქვეყნებს შორის ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა დამყარდა, მანამდე კი მათ შორის დაძაბული ვითარება იყო.
კიდევ ერთი ექსპერტის კორინა პენგის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ბაზრის მუდმივი გახსნის პირობებში სინგაპურელ მეწარმეებს აქვთ კარგი პერსპექტივა ითანამშრომლონ სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ სფეროებში, ასევე საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. „რა თქმა უნდა, რისკები მაღალია, განსაკუთრებით პოლიტიკურ გაურკვევლობასთან და გაუმჭვირვალე კანონდებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, კორპორაციებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ყველა გეოპოლიტკური რისკები, რომელიც არსებობს“, - დასძინა მან.
ცნობისათვის, 2015 წლის მონაცემებით სინგაპური ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პარტნიორებს შორის მეექვსე ადგილზეა, იმ დროს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა გასულ წელს ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე სავაჭრო ბრუნვა 520 ათას დოლარამდე შემცირდა.
კოკა კვირკველია