Himalaya Birkin-ის ქალის ხელჩანთა, რომელიც 10 წლის წინ გამოვიდა, ლონდონში გამართულ აუქციონზე რეკორდულ ფასად - 217 ათას დოლარად გაიყიდა.აუქციონის დაწყებამდე მისი სასტარტო ფასი 135 ათასი დოლარი იყო. მიუხედავად ასეთი ფასისა, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ჩანთად მაინც რჩება 2017 წელს ჰონგ-კონგის აუქციონზე 380 ათას დოლარად გაყიდული Hermes Birkin-ის ქალის ხელჩანთა. როგორც Christie's აუქციონზე აცხადებენ, Birkin-ის ჩანთები რჩება ყველაზე ძვირად ღირებულ ლოტებად ამ კატეგორიაში.
Himalaya Birkin - აქამდე ევროპულ აუქციონებზე არასოდეს გამოუტანიათ გასაყიდად და მისი დასახელება დაკავშირებულია ჰიმალაის დათოვლილ მწვერვალებთან. ის 2008 წელს გამოვიდა და დამზადებულია ნილოსის ნიანგის ტყავისგან და მორთულია ბრილიანტებით. მასზე არის თეთრი ოქროსგან დამზადებული საკეტი, რომელზეც ინკუსტრირებულია 18 კარატიანი ძვირფასი ქვა. ეს ეგზემპლარი ზომით უფრო პატარაა, ვიდრე კლასიკური Birkin-ის ჩანთა. ის მხოლოდ 30 სმ-ია. მის აღწერაში კი წერია, რომ მას თვალშისაცემი დეფექტები არ გააჩნია.
Himalaya Birkin-ის ჩანთა არაერთ ცნობილ ადამიანს აქვს, მათ შორის, არიან კიმ კარდაშიანი, ვიქტორია ბეკჰემი, სელინ დიონი და სხვები. ამ მოდელის ახალ ჩანთებზე ფასები 9300 დოლარიდან იწყება, თუმცა მათი შეძენა არცთუ მარტივია: მსურველებს გრძელ რიგში უწევთ ყოფნა.
Birkin-ის ჩანთებს სახელწოდება 1981 წელს მსახიობისა და მომღერლის ჯეინ ბირკინის პატივსაცემად ეწოდა. როგორც ცნობილია, ჯეინ ბირკინი სრულიად შემთხვევით შეხვდა მოდის სახლ Hermes-ის აღმასრულებელ დირექტორს ჟან-ლუი დიუმას, ისინი ერთად მიფრინავდნენ პარიზიდან ლონდონში, რა დროსაც თურმე ბირკინმა დაიწუწუნა დიზაინერთან სასეირნოდ დიდი ზომის ხელჩანთის მოუხერხებლობის გამო და დიზაინერს აუღწერა სასურველი ხელჩანთა. ამ შეხვედრიდან მალევე კი დიუმამ მსახიობს მისთვის სასურველი ხელჩანთის მოდელი წარუდგინა და ჰკითხა, შეუძლია თუ არა Hermes-ს, ამ ჩანთების ხაზს მის პატივსაცემად „ბირკინი“ უწოდოს. მსახიობი წინადადებით მოიხიბლა და მყისიერად დათანხმდა.
კოკა კვირკველია