ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სარეზერვო ფონდის ხარჯვითი ნაწილი გამოითხოვოს, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ზარქუა გამოეხმაურა 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების ფარგლებში სარეზერვო ფონდის დაფინანსების 500 ათასი ლარით გაზრდის შესახებ ოპოზიციის კრიტიკას.
“დღეს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ჟურნალისტს შეუძლია მოითხოვოს სარეზერვო ფონდის ხარჯვითი ნაწილი, რომელიც გამჭვირვალეა. რაც შეეხება ფონდის დაფინანსების გაზრდას 500 ათასი ლარით, ამას თავისი მიზეზი აქვს. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად სარეზერვო ფონდიდან 700 ათას ლარზე მეტი გაიხარჯა. ამიტომ ფონდს სჭირდება შევსება“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა სარეზერვო ფონდიდან თანხების ერთპიროვნულად გადინება.
”რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, სარეზერვო ფონდი გამჭვირვალე გახდა. მანამდე ერთპიროვნულად, ვისაც როგორ უნდოდა, ისე რიცხავდა თანხებს ფონდიდან. მე თქვენ გადმოგიგზავნეთ ის დაფინანსებები, რაც წინა სარეზერვო ფონდში იყო”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.