მაისში, წინა თვესთან შედარებით, ტრანსპორტის ფასები 1,1 პროცენტით გაიზარდა

2014 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,3 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის" ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.

აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა 1,7 პროცენტით, რაც მაისის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება შემდეგ ქვეჯგუფებზე აღინიშნა: რძე, ყველი და კვერცხი (-8,2 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (-3,8 პროცენტი).

ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა ასევე ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ფასებმაც. მოცემულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 1,2-პროცენტიანი მატება, რაც მაისის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (1,4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (1,2 პროცენტი).

რაც შეეხება ტრანსპორტის ფასებს, ის გაიზარდა 1,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა მაისის თვის ინფლაციაში 0,12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი, ძირითადად, განაპირობა ფასების მატებამ პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,6 პროცენტი).