„ზრდა გაგრძელდება...“ – ცნობილი ბიზნესმენების პროგნოზი ბიტკოინის ფასზე

2017 წლის მიწურულს მიღწეული პიკის (20 ათასი დოლარის ფარგლებში) შემდეგ, ბიტკოინის და მასთან ერთად, ყველა ციფრული ვალუტის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა.ბიტკოინმა 6 000-დოლარიან ზღვარსაც კი მიაღწია, რაც პიკის ფიბონაჩის 61-პროცენტიან ზღვართან ახლოსაა. რაც უფრო მცირდება ფასი, მით უფრო ნელდება მისი მოძრაობა, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ბაზარი ზრდის მოლოდინშია.

ასე ბევრი ბიზნესმენი ფიქრობს, რომლებიც თვლიან, რომ ციფრული ვალუტების ბაზარს კორექციის პერიოდი აქვს და მისი დასრულების შემდეგ, ზრდა გაგრძელდება. მაგრამ სადამდე შეიძლება ის გაგრძელდეს, ამაზე განსხვავებული პროგნოზები აქვთ.

ჯონ მაკეფი - მათ შორის ყველაზე არაორდინარულია პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ჯონ მაკეფი, ვინც ადრე ციფრული ვალუტების პერსპექტივას ალმაცერად უყურებდა, მაგრამ ამჟამად ბიტკოინის და სხვა კრიპტოების თავგამოდებული ქომაგია.

საყოველთაოდ არის ცნობილი მისი პროგნოზი, რომლის შესაბამისადაც, ბიტკოინი 2020 წელს 1 მილიონი დოლარი ეღირება. თუ ასე არ მოხდა, ჯონი გვპირდება, რომ პირდაპირ ეთერში საკუთარ გენიტალიებს შეჭამს...

უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ მან თავისი პირობა „გაამკაცრა“ და თქვა, რომ 2020 წელს ბიტკოინის ფასმა შესაძლოა 3 მილიონ დოლარსაც კი მიაღწიოს.

კამერონ უინკლვოსი -

ამ კაცს და მის ძმა ტაილერ უინკლვოსს, ციფრული ვალუტების გამცვლელი პლატფორმა „ჯემინი“ ეკუთვნის. კამერონს სჯერა, რომ ბიტკოინი ოქროს ძლიერი კონკურენტი გახდება, როცა მას ფასეულობათა შესანახ ვალუტად აღიარებენ. ის თავის პროგნოზს სწორედ ამ კონტექსტში აკეთებს. როცა ბიტკოინი დაახლოებით 7 500 დოლარი ღირდა, კამერონ ამბობდა, რომ ფასი 30-40-ჯერ გაიზრდებოდა. ოღონდ რა დროში, ეს არ დაუზუსტებია. ასეა თუ ისე, მისი ამ ვარაუდით, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 200 ათას დოლარს მიაღწევს.

მაიკლ ნოვოგრატცი - ეს ადამიანი ჰეჯ ფონდ „ფორტრეს ინვესტმენტ გრუპის“ მენეჯერი იყო, ამჟამად კი ციფრული ვალუტების ერთ-ერთი გამორჩეული „ხარია“. გასულ ნოემბერში მან თქვა, რომ 2018 წლის ბოლოს ბიტკოინი 40 ათასი დოლარი ეღირება. ამას მალე გავიგებთ...

ტიმ დრეპერი - ეს კაცი მილიარდერია და სახელი იმითაც გაითქვა, რომ დიდი რაოდენობით ბიტკოინები შეისყიდა, რომლებიც მანამდე ამერიკის მთავრობამ, არალეგალურ პლატფორმა „სილკ როუდს“ ჩამოართვა. დრეპერის პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარს მიაღწევს.

ჯონ პფეფერი - პფეფერიც უინკლვოსის მსგავსად თვლის, რომ ბიტკოინი მალე ოქროს ფუნქციას შეითავსებს. ნიუ იორკში გამართულ ინვესტორთა ერთ-ერთ კონფერენციაზე მან ივარაუდა, რომ ბიტკოინის ფასი 700 ათას დოლარს მიაღწევს. ოღონდ როდის, ეს არ დაუზუსტებია.

ალექსის ოჰანიანი - ეს კაცი პლატფორმა „რედდიტის“ დამაარსებელია და ციფრული ვალუტების დიდ ფანადაც ითვლება. ოღონდ, ბიტკოინის ფასზე მისი უახლოესი პერიოდის პროგნოზი შედარებით თავშეკავებულია - მისი აზრით, ამ წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი თავის პიკურ დონეს, 20 000 დოლარს დაუბრუნდება.

კაი ვან-პეტერსენი - ეს არის „საქსო ბანკის“ ანალიტიკოსი, რომელმაც 2016 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ბიტკოინის ფასი 2017 წელს 2 000 დოლარს მიაღწევდა. 2018 წლისთვის მისი მიზანი 50-100 ათასი დოლარია. მაგრამ თვლის, რომ ფიუჩერსების ბაზარზე ბიტკოინის გატანამ, მის ფასზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს.