ევროკომისიამ ამერიკულ Comcast-ს ბრიტანული Sky-ის შეძენის უფლება მისცა

ევროპულმა კომისიამ, რომელიც გახლავთ მთავარი ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი ევროკავშირში, ამერიკულ კომპანია Comcast Corp.- ს მისცა უფლება შეიძინოს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია Sky Plc-ი 22 მილიარდ გირვანქად (30,7 მილიარდ დოლარად).Comcast-მა Sky -ის თითო აქციაში 12,5 გირვანქა შესთავაზა. ეს 16%-ით მეტი იყო, ვიდრე მისი კონკურენტისა და ასევე შეძენით დაინტერესებული კომპანიის, 21st Century Fox-ის შეთავაზება. რუპერტ მერდოკის კომპანია ბრიტანულ კომპანიაში 39%-იან წილს ფლობს და მან აქციები მოხლოდ 10,75 გირვანქად შეაფასა.

შეთანხმებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ამ მომენტისთვის Comcast-ს კონკურენციას უწევს Walt Disney Co-ს, რომელსაც ტელეკომპანია Fox-ის რამდენიმე მიმართულების აქტივების შეძენა სურს, მათ შორისაა წილი კომპანია Sky-ში. ცნობილია, რომ Comcast-მა Fox-ის ამ აქტივებისთვის 65 მილიარდი დოლარის გადახდაზე მზაობა გამოაცხადა, მაშინ როცა Disney მზადაა მხოლოდ 52,4 მილიარდი გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ პროცესების პარალელურად, საფონდო ბირჟებზე Comcast-ის აქციები 0,2%-ით გაძვირდა, Fox-ის 0,4%-ით, ხოლო Sky-ის აქციებზე ფასები 1%-ით დაეცა.

კოკა კვირკველია