ვინ იყიდა კურორტი „ახტალა“ 3.76 მლნ ლარად

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 3 760 000 ლარად გაიყიდა.აუქციონის პირობების თანახმად, ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 12 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ახტალა“ საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

აღსანიშნავია, რომ კურორტი აუქციონზე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ შეიძინა. აღნიშნული კომპანია საქართველოში გასული წლის მარტში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ი, ხოლო დირექტორი ირაკლი ხუჭუაა, რომელიც რეესტრის მიმდინარე წლის 16 მარტის ამონაწერით, საქართველო-რუსეთის მოქალაქეა. 

ცნობისთვის, „ახტალა“ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის ფარგლებში“ გაიყიდა. ჯამში ამ პროექტის ფარგლებში უკვე 57 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონებაა გაყიდული, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 121 მილიონ ლარს აჭარბებს.