მაგნიტოფონების გამყიდველიდან "ფორბსის" რეიტინგებამდე

"ოქროს ბაბილონების" ქუთაისელი მეფე

მისი სამუშაო კაბინეტიდან შესანიშნავი ხედი იშლება, საიდანაც ქართველი მხედარმთავარის, პეტრე ბაგრატიონის სახელობის ხიდი მოჩანს. კაბინეტში სახელოვანი თანამემამულის დიდი პორტრეტიც უკიდია. ამბობს, რომ ეს მეგობრების საჩუქარია. მეგობარი კი ბევრი ჰყავს და ათას რამეს ჩუქნიან. მაგალითად, ქალწულის თანავარსკვლავედში, მისი სახელობის ვარსკვლავიც არსებობს - პაატა ზურაბის ძე გამგონეიშვილი, ესეც მეგობრების საჩუქარია.

ბანკ "სლავიანსკი კრედიტის" და დეველოპერული კომპანია "პატეროს" თანამფლობელის სახელს მოსკოვში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრების "ოქროს ბაბილონის" აშენება უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ, ორი ასეთი სავაჭრო ცენტრი, მან ერთ-ერთ ავსტრიულ კომპანიას 185 მილიონ დოლარად მიყიდა და ამ ფულით მესამე "ოქროს ბაბილონის" მშენებლობა წამოიწყო.

ირლანდიელი მილიარდერის, შონ ქუინის ფონდს, გამგონეიშვილმა ბიზნეს-ცენტრი "კუტუზოვ ტაუერი" მიყიდა. კომერციული საქმის ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ გამგონეიშვილს ბადალი არ ჰყავს შენებასა და დასრულებული შენობის სარფიანად დაბინავებაში. ყოველი შემთხვევისთვის რუსეთში ამ თვალსაზრისით ის ყველაზე წარმატებულია. ამას კი გარკვეულწილად მის იღბალსაც მიაწერენ. არადა სავაჭრო ცენტერების დეველოპმენტი რუსეთში სულ სხვა პრინციპით მუშაობს - ვიღაც აშენებს, შემდეგ კი ამ მშენებლობას იჯარით გასცემს. ეს რა თქმა უნდა უფრო მცირერისკიანი, მაგრამ დაბალშემოსვალიანი ბიზნესია და ასე, წელიწადში 10%-იანი მოგების მომტანი. აი, ევროპაში კი ეს ბიზნესი სულ სხვაგვარად არის მოწყობილი - დეველოპერი მშენებლობაში თავის კაპიტალის ნაწილს დებს (მაგალითად მიწის ნაკვეთს ყიდულობს), დანარჩენისთვის კი ან საბანკო კრედიტს იღებს ან ინვესტიციებს მოიზიდავს. შემდეგ, უკვე დასრულებულ მშენებლობას ისეთ ფონდზე ყიდის, რომელიც უძრავი ქონების მართვაზეა სპეციალიზირებული. მართალია, ეს გზა დიდ რისკებს შეიცავს, სამაგიეროდ დიდი მოგების მოტანაც შეუძლია. გამგონეიშვილიც თითქმის ყოველთვის ამ გზას ირჩევს. "ვფიქრობ, თუ საქმეში შენს 100-ს ჩადებ, მოიზიდავ 300-ს და სამი წლის შემდეგ დაიბრუნებ შენს 100-ს და ამასთან ამდენივე მოგების სახითაც დაგრჩება, ეს უკვე კარგია". - ამბობს პაატა გამგონეიშვილი და ითვლის, რომ ამ გზით წელიწადში მოგების სახით დაახლოებით 30%-ის მიღება შეიძლება. 30% კი 10%-ს ნამდვილად სჯობია.

ისე, როგორც ბევრ მის თანამოძმე მილიარდერს, პრესასთან გამოჩენა და პირადი ამბების მოყოლა არც გამგონეიშვილს ხიბლავს. მის შესახებ ცოტა რამ თუ არის ცნობილი, მაგალითად ის, რომ ქუთაისში დაიბადა 1955 წლის 28 აგვისტოს, მოსკოვში კი მიწათმოწყობის საინჟინრო ინსტიტუტში სასწავლებლად 1986 წელს ჩავიდა. გამგონეიშვილი წლების განმავლობაში ამავე ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ მუშაობდა, ბიზნესნათლობა კი 31 წლის ასაკში მიიღო და გასული საუკუნის 90-იანი წლების ყველაზე სარფიანი საქმით, ვიდეო, აუდიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტით დაკავდა. შემდეგ იყო რუსეთში ასე ცნობილი კომერციული ბანკი "სლავიანსკი კრედიტი", იქიდან კი ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯი მასშტაბური დეველოპერული კომპანიის ჩამოყალიბებამდე.

გამგონეიშვილს უყვარს ხოლმე თქმა: ბიზნესი ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეო. ეს მილიონერების მოძველებული ხრიკია, არავინ გასწავლის, როგორ იშოვა პირველი მილიონი, თუმცა ლოგიკურად თუ დაფიქრდება კაცი, ან კი რა ფული უნდა ჰქონოდა ლაბორატორიის გამგეს. უბრალოდ, როგორც იმ დროს საქართველოდან რუსეთში წასულთა უმრავლესობა, ისიც საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ჯერ ეს უცხოური ტექნიკის ბუმი, შემდეგ კი საბანკო ისტერია იყო, რომელმაც მართალია ბევრი მეანაბრე დააზარალა, სამაგიეროდ ახლადგამომცხვარ ბანკირებს მოუტანა სოლიდური მოგება. შემოსავალს კი სარფიანად დაბინავება უნდოდა. მოსკოვი ის-ის იყო თანამედროვე ცხოვრების რელსებზე გადადიოდა, სადაც გრანდიოზული სავაჭრო ცენტრებზე მოთხონა ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჩნდებოდა. ასე რომ, ლაბორატორიის გამგემ ათიანში მოარტყა.

გასული წელს, ყველაზე ცნობილი ფინანსური გამოცემის, "ფორბსის" რეიტინგებში, პაატა გამგონეიშვილი რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში მოხვდა. ბიძინა ივანიშვილის, დავით იაკობაშვილის, ვიაჩესლავ მირილაშვილის და დავით პანიკაშვილის შემდეგ, პაატა გამგონეიშვილს, რომლის ქონებაც 570 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რუსეთის ყველაზე მდიდრებს შორის მეხუთე ადგილი ერგო.

ისევე, როგორც თითქმის ყველა მილიონერისა და მილიარდერის ცხოვრებაში, პაატა გამგონეიშვილის ბიოგრაფიაშიც არის რამდენიმე საინტერესო და შეიძლება ითქვას, ცოტა უცნაური დეტალი. მაგალითად, ის ავღანეთის ვეტერენთა საბჭოს წევრია, თუმცა ავღანეთში არასდროს უბრძოლია. სწორედ ამ საბჭოს წევრის რანგში, მან თავის დროზე დიდი დახმარება გაუწია რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ბორის ელცინს, როცა მას უმაღლესი საბჭოს წევრები განუდგნენ, რითვისაც "პირადი მამაცობისთვის" ორდენიც მიიღო?!

გამგონეიშვილი წუხს, რომ მოსკოვი მშენებლობებით ძალიან გადაიტვირთა და ხელისუფლება დეველოპერებს შეზღუდვებს უწესებს, ამიტომ ჩვეული შემართებით ახლა რუსეთის სხვა ქალაქებს იპყრობს, სადაც სავაჭრო ცენტრები სახელით "ოქროს ბაბილონი" სოკოებივით ჩნდება. თუმცა გამგონეიშვილი რუსეთის ფარგლებსაც გასცდა და პარტნიორებთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთს, თეიმურაზ ხიხინეიშვილს ასევე ქართული წარმოშობა აქვს, ახალ სავაჭრო ცენტრს ბულგარეთის დედაქალაქში, სოფიაში აშენებს. ექსპერტებმა ჯერ დაუსრულებელი პროექტი უკვე შეაფასეს 100 მილიონ ევროდ, თუმცა გამგონეიშვილის გამოცდილებისა და მარიფათის კაცს მისი 300 მილიონად გაყიდვაც არ გაუჭირდება.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”