თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდ ნაგებობას აშენებს.როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება, რაც სამინისტროს ცნობით, ეკოლოგიური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.

გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2019 წლის დასაწყისში დასრულდება.