საქართველოში სამინისტროების რაოდენობა შესაძლოა, კიდევ შემცირდეს.როგორც თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ მსჯელობა მიმდინარეობს.
„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალე, ხვალ, ზეგ ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, გუნდში მსჯელობა ამაზეც მიმდინარეობს. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
შეგასხენებთ, რომ ოპტიმიზაციის შედეგად 2017 წლის ბოლოს 4 სამინისტრო შემცირდა. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩა. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს შეუერთდა.