ირანი „ოპეკს“ მოუწოდებს, რომ არ დათანხმდეს ნავთობმოპოვების გაზრდას

ირანმა „ოპეკის“ წევრ ქვეყნებს მოუწოდა არ დათანხმდნენ ნავთობის მოპოვების გაზრდას.როგორც Bloomberg-ი წერს, ორგანიზაციაში ირანის წარმომადგენელმა კაზემპურ არდებილიმ განაცხადა, რომ „ოპეკი“ უნდა მიემხროს მის გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე და არ გაზარდოს მოწოდება, ვინაიდან ბაზარი საკმარისად მარაგდება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ „ოპეკის“ სხვა წევრებიც გრძნობენ და მოქმედებენ მსგავსად. საბაზრო პრინციპებში არანაირი ცვლილება არ მომხდარა და მოპოვების ზრდის საჭიროება არ დგას“, - დასძინა არდებილმა.

13 ივნისს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ოპეკი“ მორიგ ჯერზეც გააკრიტიკა, რომ ორგანიზაცია მსოფლიოში ნავთობის ფასს ძალიან მაღალ ნიშნულზე ამყარებს. შედეგად კი, როგორც „როიტერსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ სთხოვა საუდის არაბეთს გაზარდოს ნავთობის მოპოვება.

ცნობისათვის, „ოპეკი“ და ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნები 2016 წელს შეთანხმდნენ, შეამცირონ ნავთობის მოპოვება 1,8 ტრილიონ ბარელამდე დღეღამეში. ეს შეთანხმება ამოქმედდა 2017 წლის დასაწყისიდან და ვადა 2018 წლის ბოლომდე აქვს. შედეგად კი ნავთობზე ფასები გაიზარდა, რომელიც 2016 წელს 30 დოლარამდეც კი დაეცა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში 22-23 ივნისს ვენაში „ოპეკის“ წევრი ქვეყნების შეხვედრა გაიმართება, სადაც აღნიშნული შეთანხმების გაგრძელებაზე უნდა იმსჯელონ.

კოკა კვირკველია