რაჭა-ლეჩხუმში 11 სოფლის გამრიცხველიანება დასრულდა

"ენერგო-პრო ჯორჯია" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სოფლების ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

"ენერგო-პროს" ინფორმაციით, 2014 წლის განვლილ პერიოდში რეგიონში უკვე 11 სოფლის გამრიცხველიანება და ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 999 აბონენტს კომპანიამ თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟა.

სოფლების გამრიცხველიანება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კომპანიის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2014 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასრულდა ზემო სხვავას, ახალსოფლის, უკეშის, ღადიშისა და წკადისის გამრიცხველიანება, სადაც 449 აბონენტს დაუმონტაჟდა ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი; ონში კომპანიამ უკვე 4 სოფლის: სომიწოს, ქვედის, ქრისტესისა და ხირხონისის 261 აბონენტი გაამრიცხველიანა; ხოლო ცაგერის რაიონში პროექტები 2 სოფელში - დეხვირსა და აღვში დასრულდა, სადაც 289 მომხმარებლებს დაუმონტაჟდა მრიცხველი. აღნიშნულ სოფლებში ენერგოკომპანიამ გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციაც მოახდინა, რომლის ფარგლებშიც, საერთო ჯამში, 273 ახალი რკინა-ბეტონისა და ხის საყრდენი და 51 000 მეტრზე მეტი იზოლირებული სადენი დამონტაჟდა.

ამ ეტაპზე ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს მომხმარებლის ელექტრგომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხავს უამინდობის ან სხვა მიზეზით გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას.

ინდივიდუალური გამრიცხველიანებისა და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. 2014 წელს სს "ენერგო-პრო ჯორჯია" ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რაიონებში კიდევ 35-მდე სოფელს გაამრიცხველიანებს. 2010 წლიდან დღემდე რეგიონში უკვე 138 სოფელი გამრიცხველიანდა ინდივიდუალურად, რაც ჯამში თითქმის 19 ათას აბონენტს გულისხმობს.

ენერგოკომპანია გამრიცხველიანების სამუშაოებს დაგეგმილი გრაფიკით განაგრძობს და პროექტი 2015 წლისთვის დასრულდება.