ვინ გაუწევს იურიდიულ მომსახურებას მერიას „სითი პარკთან“ სამართლებრივ დავაში?

თბილისის მერია „სიტი პარკთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო სამართლებრივი დავისთვის იურიდიულ მომსახურებას შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“ გაუწევს.აღნიშნული მომსახურება მერიამ გამარტივებული შესყიდვის წესით შეისყიდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 800 ათასი ლარია.

აღსანიშნავია, რომ მხარებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ზოგიერთი პუნქტი დაფარულია, მათ შორის, კომპანიის ვალდებულებებისა და ანგარიშსწორების წესის ნაწილში.

შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“ რეესტრში 2012 წლის მაისში არის დარეგისტრირებული. რეესტრის ბოლო 26 აპრილის ამონაწერით, კომპანიის 50%-50%-იან წილებს დირექტორები - არჩილ გიორგაძე და ნიკოლა მარიანი ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს კომპანია შპს Dechert Georgia-ს სახელით დარეგისტრირდა რეესტრში. რეგისტრაციისას კომპანიის 100%-იან წილს „კომანდიტური საზოგადოება დეკერტი“ ფლობდა, დირექტორების პოსტს კი ჯეიმს მ. კრუკი (დიდი ბრიტანეთი); ნიკოლა მარიანი (საფრანგეთი) და დუგლას ლ. გეტერი (აშშ) იკავებდნენ.

აღნიშნული სახელი კომპანიამ მიმდინარე წლის აპრილში შეიცვალა და შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“ გახდა. რაც შეეხება მფლობელს, ნიკოლა მარიანი და არჩილ გიორგაძე კომპანიის მფლობელებად 2018 წლის აპრილიდან ფიქსირდებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ცალმხრივად შეწყვიტა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეწყვიტა, რის გამოც მას კომპენსაცია უნდა აუნაზღაურდეს. მათი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა ისიც, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს დავის წარმოებას.

შესაბამისად, „სითი პარკმა“ მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. Freshfields Bruckhaus Deringer LLP - ეს არის მულტინაციონალური იურიდიული კომპანია, რომელიც 1743 წელს ინგლისში დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. კომპანია ელიტური იურიდიული კომპანიების გაერთიანებისა Magic Circle-ს წევრია.