ტურიზმის ადმინისტრაცია ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის, კანიონინგის მარშრუტების განვითარებას იწყებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის, "კანიონინგის" მარშრუტების განვითარებას იწყებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, "კანიონინგი" საკმაოდ პოპულარული აქტივობაა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მისდამი ინტერესი მსოფლიო მასშტაბით თანდათანობით იზრდება.

"კანიონინგი" მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, როგორიცაა: ფეხით სიარული, ჩანჩქერებზე თოკით დაშვება, ცოცვა, ცურვა და გადმოხტომა.

ამ კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, რომელიც საჭიროებს შესწავლას და განვითარებას. ამ მიზნით ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოში იტალიელი სპეციალისტები მოიწვია.

5-კაციანი ჯგუფი თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა. იტალიელი სპეციალისტები, დღესვე სამეგრელოში გაემგზავრებიან. ექსპედიციის წევრები შეისწავლიან მდინარე ხობისწყალს და მის შენაკადებს. სოფელ მუხურიდან მდინარე ხობისწყალის სათავემდე. აღნიშნული არეალი შერჩეულ იქნა წყალუხვი ჩანჩქერების, ტბების, კანიონებისა და ბუნების ძეგლების განსაკუთრებული სიუხვით, რაც ამ ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის კარგ წინაპირობას ქმნის.