გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება.
„გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ ჩამოსასვლელთან პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ეს ბენზინგასამართი სადგურები ზღუდავს ავტომობილების გადაადგილებას. პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება. დანარჩენ ადგილებზე კვლევაა საჭირო",- განაცხადა კალაძემ.
გმირთა მოედანზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურებისთვის ადგილმდებარეობის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ კიდევ 2016 წელს გავრცელდა. როგორც მაშინ დედაქალაქის მაშინდელი მერი აცხადებდა, ქალაქის ინფრასტრუქტურული გეგმის ნაწილში რამდენიმე კვანძის მოწესრიგება მოხდებოდა. ერთ-ერთი კვანძი სწორედ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია იყო. თუმცა მაშინ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.
გმირთა მოედნის გაფართოების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა წინასაარჩევნო პერიოდშიც. საკითხზე საუბარი იყო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძემ წარდგენილი პროგრამულ ხედვაში. პროექტის ამსახველ ვიდეოკლიპში ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე არცერთი ბენზინგასამართი სადგური არ ჩანს.
როგორც დღეს კალაძემ ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოება უახლოეს პერიოდში დაიწყება, თუმცა რა დაუჯდება მერიას ავტოგასამართი სადგურების მფლობელებისგან ადგილების გამოსყიდვა, უცნობია, რამდენადაც ჯერჯერობით გაურკვეველია მერია ნავთობკომპანიებს საბოლოოდ რას შესთავაზებს - ადგილმონაცვლეობას თუ კომპენსაციას.
„ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. განიხილება როგორც ადგილმონაცვლეობა, ასევე კომპენსაციის საკითხი. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.
ბენზინგასამართი სადგურის აღების საკითხზე მოლაპარაკებებს ადასტურებენ „ლუკოილ ჯორჯიაშიც“. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. თუმცა რა ვარიანტებს განიხილავენ, შავლეგ მიშველაძის არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ „დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც კონსულტაციები და საკითხის განხილვა დასრულდება“.