ბათუმში, „სემირამიდას ბაღების“ სახელით ცნობილი სასტუმრო-კომპლექსი ახალი სახელით - „გრანდ გლორია“ ივნისში გაიხსნება.როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გლორიას“ წარმომადგენელი კახა შარაბიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სასტუმრო დასრულებულია, 100-მდე თანაშრომელიც აყვანილია და ახლა მხოლოდ ოფიციალური გახნის დღეა დასაზუსტებელი.
ბათუმში ზღვისპირას მდებარე სასტუმროს მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აზერბაიჯანელ ინვესტორს გახსნის თარიღი 2015 წლამდე გადაუვადა. მაშინ სამინისტროში მიზეზად იმას ასახელბდნენ, რომ სამშენებლო სამუშაოები დროში ვერ ესწრებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი ინვესტორი შესაძლოა, პროექტიდან გასულიყო.
თუმცა, სასტუმრო-კომპლექსის დამკვეთად კვლავ აზერბაიჯანელი ინვესტორი დარჩა.
კახა შარაბიძს თქმით, სასტუმროს სახელწოდება „სემირამიდას ბაღები“ შეიცვალა და ახლა „გრანდ გლორია“ იქნება.
„ახალი სახელწოდება „გრანდ გლორია“ იქნება. ამავე ჯგუფს თბილისშიც აქვს სასტუმრო „ტიფლის პალასი“ და ბათუმში ეს უკვე მათი მეორე სასტუმრო იქნება. ყველაფერი თითქმის დასრულებულია, 100-მდე თანამშრომელიც აყვანილია. გახსნის ზუსტი თარიღის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ეს ძალიან მალე მოხდება. ყოველშემთხევვაში, დიდი სურვილია, რომ ამ თვეში გაისხნას“,-აცხადებს კახა შარაბიძე.
რაც შეეხება პროექტს, მისი თქმით, პროექტი ძირეულად არ შეცვლილა, მხოლოდ უმნიშვნელო დეტალები შეიცვალა. საინვესტიციო თანხა კი, რომელიც თავდაპირველად 35 მილიონ დოლარს შეადგენდა, გაიზარდა და 40 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, მისივე ინფორამციით, 12-სართულიანი სასტუმრო, 170-მდე ნომრისგან შედგება, რომელიც მაღალი კლასის იქნება.
სასტუმროსთან ერთად, საცურაო აუზები და კაზინოც მოეწყობა. თუმცა, როგორც კომპანია „გლორიას“ წარმომადგენელი აცხადებს, კონკრეტულად რომელი ბრენდის კაზინო გაიხსნება, ეს გადაწყვეტილი არ არის, რადგან ამ წელს მისი გახსნა ვერ მოესწრება.
აქვე, შეგახსენებთ, რომ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა გამზაევას 2011 წლის ივნისში, აჭარის მაშინდელმა მთავრობამ 1 ლარად გადასცა. ზარიფა გამზაევას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაევალა.
ნინი ქეთელაური