NASA მარსზე დასაჯდომად განკუთვნილ გიგანტურ პარაშუტს გამოცდის

პარაშუტის დანიშნულება წითელი პლანეტის ზედაპირზე მძიმე ტვირთის გადატანა იქნება.

NASA გიგანტურ პარაშუტს გამოცდის, რომელიც მარსზე დასაჯდომად იქნება განკუთვნილი - ამის შესახებ ABC News იუწყება. აღსანიშნავია, რომ სიახლის გამოცდა კუნძულ კაუაიზე ( ჰავაის კუნძულებიდან ერთ-ერთი) ჩატარდება.

პარაშუტი თავისი ფორმით მფრინავ თეფშს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ტრადიციული ფორმის პარაშუტს. თუმცა, მისი დანიშნულება წითელი პლანეტის ზედაპირზე მძიმე ტვირთის გადატანა იქნება.

პარაშუტთან ერთად NASA გამოცდის რობოტიზებულ კაფსულას, რომლითაც პარაშუტი ზედაპირზე დამაგრდება. მოსალოდნელია, რომ ცდები დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრეებში ჩატარდება, სადაც გარემო პირობები უფრო მეტად მოგვაგონებს მარსზე არსებულ პირობებს.

სავარაუდოდ, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით გამოსაცდელი ფრენები 2015 წელზე ადრე არ დაიწყება.