საქართველოში ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნება

საქართველოში ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნება. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად გადაეგზავნა დასამტკიცებლად.

„ვინაიდან გარემოს დაცვის სფეროს მართვა თითქმის ყველა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის, სამეცნიერო წრეებისა და ზოგადად მთელი საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა ხორციელდებოდეს, გარემოს დაცვის სფეროს კომპლექსური და მრავალსექტორული ხასიათის გამო, ჩვენ ვგეგმავთ ქვეყანაში ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას. ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი გახდება სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა, ისარგებლებს მაღალი ნდობით როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მხრიდან და ის იქნება ერთგვარი გარანტ გარემოს დაცვის საკითხებზე მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური თანამშრომლობისთვის,“-ნათქვამია პროგრამაში.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის შემადგენლობა და სამთავროო პროგრამა პარლამენტს დასამტკიცებლად დღეს წარუდგინა.