შემოსავლების სამსახურმა და აღსრულების ბიურომ მემორანდუმი გააფორმეს

შემოსავლების სამსახურსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს შემოსავლების სამსახურში შემოსავლების სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მემორანდუმი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტისა და "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებს ითვალისწინებს.

"კერძოდ, დეტალურად არეგულირებს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ორ უწყებას შორის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა-მიწოდების პროცედურებს", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვარამაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ვლადიმერ გურგენიძემ.