რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე ავტობანი, დაგეგმილი რაოდენობის ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ სავარაუდოდ, დროში გადაიწევს.ასე უპასუხა ცქიტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შესაბამის კითხვას, რომელმაც მთავრობა პროექტების განხორციელების ვადების დარღვევის გამო გააკრიტიკა. გოცირიძე დაინტერესდა, რეალურად აშენდება თუ არა ავტობანი, მათ შორის რიკოთზე და 50+50 ხიდი და გვირაბები.
“აშენდება, ბატონო რომან. რაც შეეხება ხიდებს და გვირაბებს, თქვენ მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე ასაშანებელი ხიდების და გვირაბების რაოდენობა ჩამოთვალეთ, რომელიც მეტია იმაზე, რაც დაასახელეთ. რიკოთი შედგება 4 ლოტისგან, მათგან ერთზე უკვე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას, გეგმა იყო, რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, უბრალოდ ახლა ვამბობთ, რომ რიკოთის მთლიანი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს გადავა. დანარჩენი მონაკვეთები ასევე არის გამზადებული ტენდერისთვის და წელსვე იქნება გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, ზოგადად, საუბარია მხოლოდ პროექტების 1-2 წლიან გადავადებებზე და არა 10 წლიანზე.
ამ წუთებში მინისტრობის კანდიდატების ნაწილს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე უსმენენ.