ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორპორაცია Apple-ის ხელმძღვანელს ტიმ კუკს შეჰპირდა, რომ ის iPhone-ები, რომლის წარმოებაც ჩინეთში ხდება, არ მოხვდებიან ამერიკის მხრიდან ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე დაწესებული გადასახადების სიაში.ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით The New York Times წერს.
გაზეთის ინფორმაციით, მაისში ტიმ კუკი თეთრ სახლში იმყოფებოდა, რათა გაეფრთხილებინა ამერიკის პრეზიდენტი, რომ მისი პოლიტიკა ჩინეთთან ვაჭრობის საკითხებში შესაძლოა, ცუდ გავლენას იქონიებდა კომპანიის ბიზნესზე, რომელსაც Apple ჩინეთში აწარმოებს. ის ასევე შიშობს, რომ პეკინის მხრიდან საპასუხო ზომებსაც შეუძლიათ დააზიანონ ამერიკული კორპორაციის ბიზნესი.
შედეგად კი, ამ ვიზიტისას ტიმ კუკს უთხრეს, რომ გაზრდილი გადასახადები არ შეეხებოდა მათ პროდუქციას, რომლის წარმოებაც ხდება ჩინეთში. გამოცემა დასძენს, რომ Apple-ში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისგან თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ჩინეთიდან იმპორტირებულ 50 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე 25%-იან გადასახადს აწესებს, ხოლო უკვე დღეს ცნობილი ხდება, რომ თეთრი სახლი ჩინეთიდან იმპორტირებულ 200 მილიარდის საქონელზე გადასახადს 10%-ით გაზრდის.
კოკა კვირკველია