"ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება" გაფორმდა

საქართველო-შვეიცარიას შორის "ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება" გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, დიდიე ბურკჰალტერმა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, ორმხრივი შეთანხმება შვეიცარიასთან ეკონომიკური და ბიზნესაქტივობის განვითარებისთვის მყარ იურიდიულ ბაზას შექმნის, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველო-შვეიცარიას შორის "ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების" ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს, დიდიე ბურკჰალტერს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. დიდიე ბურკჰალტერი თბილისს დღეს დატოვებს.