საქართველოს მეთევზეობის სექტორი საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მოპოვებას ცდილობს.გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცნობით, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან - ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, მაკედონიასთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან და თურქეთთან ერთად, ბელგრადში მეთევზეობის სექტორის შესახებ სამდღიან სემინარში მონაწილეობს.
„მონაწილე ქვეყნები მეთევზეობის სექტორში არსებულ რეგულაციებს და განხორციელებულ პოლიტიკას, ბაზრებზე წვდომას და აღმოსავლთ ევროპაში თევზის პროდუქტებით ვაჭრობას მიმოიხილავენ.
თევზი საერთაშორისო სასურსათო ბაზარზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პროდუქტია. შესაბამისი გლობალური ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად 145 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია ევროპის ქვეყნებში.
რეგიონული შესაძლებლობების განვითარების სემინარი - "WTO, ბაზრებზე წვდომა და თევზით ვაჭრობა", ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), EUROFISH-ის, სერბეთის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და წყლის რესურსების მართვის სამინისტროს მიერ“, - ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მნიშვნელოვანია ევროპაში სავაჭრო ბარიერების საკითხის მოგვარება. ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები რეგიონში სასურსათო უსაფრთხოებაზე, მეთევზეების, თევზის გადამამუშავებლების და ექსპორტიორების კეთილდღეობაზე აისახება,“ - განაცხადა FAO-ს უფროსმა ოფიცერმა, მეთევზეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით ვიქტორია კომომ.