სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი ბიზნესს მიმართავს და პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო ადგილების შექმნისკენ მოუწოდებს.როგორც კახა კახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ბიზნესის წასახალისებლად შეიმუშავებს საკანონმდებლო რეგულაციებს, რათა პენიტენციურ დაწესებულებაში ნაწარმოები პროდუქცია, ადვილად შესაძენი იყოს სახელმწიფო უწყებებისთვის.
„სამუშაო კერები ეს არის მე მგონი მთლიანად ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს პოპულარული ასევე საზოგადოებაში. მე ვსარგებლობ დღევანდელი ტრიბუნით და მივმართავ ბიზნესს, რომ იქნებ რამენაირად მოახდინოს პენიტენციურ დაწესებულებაში სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენ შევეცდებით, საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე, პენიტენციურ სისტემაში დამზადებული პროდუქცია იყოს ადვილად შესაძენი სახელმწიფო უწყებებისთვის, რომ ამან წაახალისოს ბიზნესი და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შექმნას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.