არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააჯარიმეს

კანონის დარღვევისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააჯარიმეს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, გუშინ დაახლოებით 23:00 საათზე, საბაჟო გამშვები პუნქტის "წითელი ხიდის" ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის მოქალაქე ჯ.ა. იმის გამო, რომ მგზავრს რამდენიმე საათით ადრე ექსპორტზე გატანილი ჰქონდა დიდი ოდენობით მობილური ტელეფონი, მებაჟე-ოფიცრებს გაუჩნდათ ეჭვი. დეტალური დათვალიერებისთვის ავტომანქანა გადაიყვანეს სპეციალურ ანგარში, სადაც აღმოჩნდა, რომ სავარძლის საზურგეებში, ძრავის განყოფილებაში (კერძოდ, ჰაერის ფილტრებში) და საბარგულში (ე.წ. "ჩეინჯერში") დამალული იყო გატანილი 10 ცალი ტელეფონი, ერთი ცალი პლანშეტური კომპიუტერი და ტელეფონის აქსესუარები კერძოდ: 16 ცალი დამტენი, 16 ცალი საყურისი და ერთი ცალი ელემენტი.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 3467,03 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქე დაჯარიმდა არადეკლარირებული, დამალული საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3467,03 ლარი.