„მენაშენეთა ასოციაციაში“ „ღამის ეკონომიკის“ დადებით ეფექტებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სოციალურ საკითხს ასახელებენ

„ღამის ეკონომიკის“ დადებით ეფექტებს შორის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად „მენაშენეთა ასოციაციაში“ სოციალურ საკითხს ასახელებენ.როგორც „მენაშენეთა ასოციაციიდან“ იუწყებიან, მენაშენეების აზრით, „ღამის ეკონომიკა“, იგივე მეორე ცვლის ეკონომიკა, თბილისში სოციალურ ფონს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„მეორე ცვლის ეკონომიკა ნიშნავს, რომ სამუშაო დღე არსებულზე გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს და, შესაბამისად, დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულ მოქალაქეებს უფრო მეტი დრო დარჩებათ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით შვილებთან კომუნიკაციისათვის. ეს აუცილებელი პირობაა ოჯახის ინსტიტუტის სიმტკიცის გასაძლიერებლად“, - აცხადებს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.

მისივე თქმით, „ღამის ეკონომიკა“ თავის თავში გულისხმობს ვაჭრობის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას დედაქალაქის საძილე რაიონებში. ასეთ შემხვევაში აღარ მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი კონცენტრირება თბილისის ცენტრალურ უბნებში, ვინაიდან იგივე მომსახურებას თუ პროდუქტს, რასაც ხალხმრავალ ტურისტულ ზონებში დღეს იღებენ, საკუთარი სახლების სიახლოვესაც მიიღებენ.

მენაშენეების აზრით, „ღამის ეკონომიკის“ განვითარება მეტ ადამიანს გულისხმობს ქუჩაში, რაც, თავის მხრივ, კრიმინალის ერთგვარი პრევენციაა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის „ღამის ეკონომიკის“ განვითარების გადაწყვეტილება უფლებამოსილების აღებიდან მალევე გადაწყვიტა და ამისათვის შესაბამისი უწყებაც შექმნა. სამსახურის ხელმძღვანელად 2017 წლის მიწურულს მუსიკოსი და ტელეწამყვანი სერგი გვარჯალაძე დაინიშნა.

მენაშენეები მხარს უჭერენ თბილისის მერის ამ ინიცატივას და „ღამის ეკონომიკის“ განვითარების მიმართულებით საკუთარ რეკომენდაციებსაც სთავაზობენ. მათ შორის, ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აუცილებელია თბილისში ტროტუარებსა და გზებზე გადასასვლელების კომპლექსური რეკონსტრუქცია ისე, რომ ქვეითებმა შეუფერხებლად და კომფორტულად შეძლონ დიდი მანძილების გავლა.

„მენაშენეთა ასოციაციამ“ ასევე გამოაქვეყნა ავტოსაცობებით გადატვირთული თბილისის ქუჩების განმუხტვის კომპლექსური გეგმა, რომლის თანახმად, ქვეითს უპირობო პრიორიტეტი ენიჭება დედაქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე.

მენაშენეებმა თავიანთი პროგრამის პუნქტები თბილისის მერის კახა კალაძის პროგრამის „შენი იდეა მერს“ ფარგლებში წარმოადგინეს.

„მენაშენეთა ასოციაციის“ წევრების აზრით, გზებისა და ესტაკადების მშენებლობა ვერ გადაჭრის პრობლემას და მოსაფიქრებელია სხვა გზები, რითაც პრობლემა დარეგულირდება.