თელავის ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად დაათვალიერა.როგორც „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან“ იუწყებიან, თელავის ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება და კახეთის რეგიონს იმ სერვისებსა და შესაძლებლობებს მიაწვდის, რასაც თბილისის ტექნოპარკი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს.

ტექნოპარკი „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა იდეისა და ინიციატივის მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქცია.

თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ ხორციელდება.

თელავის ტექნოპარკის პარალელურად ასევე სექტემბერში გაიხსნება ახმეტის ინოვაციების ცენტრი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს თელავის ინოვაციების ჰაბთან, როგორც კახეთის რეგიონულ ცენტრთან.