პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის.ინიციატივა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.
“მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზებ, რომ შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის პოსტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. მწვანე ეკონომიკა იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი და ჩვენ, როცა გვაქვს ასეთი კარგი წინაპირობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავადაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მომავალი თაობების წინაშე, რომ შევუნახოთ მათ ის უნიკალური ბუნება, რაც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.