ქედაში ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო

აჭარაში ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ობიექტის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ერთობლივად ჩადეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ.

მათივე ინფორმაციით, ქარხანა სრული დატვირთვის შემთხვევაში, სეზონზე 1500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს. საწარმო ორ წელიწადში გაიხსნება. საძირკველის ჩაყრის შემდეგ 15 მევენახე ფერმერს 300 ძირი ჩხავერის ნერგი საჩუქრად გადასცეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღვინის ქარხანა ხელს შეუწყობს ქედის მუნიციპალიტეტში მეღვინეობის განვითარებას და გაზრდის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას, ქედელ ფერმერებს კი, ყურძნის მოსავლის ადგილზე რეალიზების საშუალებას მისცემს, რადგან ქედის მუნიციპალიტეტში მევენახეობა სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია.

საწარმო ფერმერისთვის ახალი ვენახის გაშენების სტიმულიც გახდება. ღვინის ქარხანა მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება ტურისტული თვალსაზრისითაც.