დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელს აღნიშნულ სამსახურში არსებული პრობლემების ორი კვირის განმავლობაში მოგვარება დაავალა.როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ის მოთხოვნები, რომელიც აქვს არქიტექტურის სამსახურს, ურბანულ სამსახურს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ იყოს დაკმაყოფილებული.
„არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული სამსახური. ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, გვაქვს პრობლემები, რადგან ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, მათ შორის წინა მთავრობის დროინდელი, რომელიც ჯერ არ განხილულა. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ურბანული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც არის დაგროვილი, ორი კვირის განმავლობაში მოგვარდეს, პასუხი გაეცეს და პარალელურად შეიქმნას ანალოგიური სისტემა, რაც არქიტექტურის სამსახურში შეიქმნა. ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობას უპრობლემოდ და დაბრკოლებების გარეშე მოვემსახუროთ.
ის მოთხოვნები, რომელიც აქვს არქიტექტურის სამსახურს, რომელიც აქვს ურბანულ სამსახურს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს დაკმაყოფილებული. ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და როგორც ხდებოდა ნებართვების გაცემა, პირობას გაძლევთ ამ ფორმით არ ვიმუშავებთ. ჩვენ თუ გავაგრძელებთ იგივე ფორმით მუშაობას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, ფაქტი გვაქვს სახეზე, რა შედეგს მივიღებთ - შეგვიძლია გადავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ და დავინახავთ. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურმა განსხვავებული სისტემით დაიწყო მუშაობა, რაც წარმატებული აღმოჩნდა.
„10 მაისიდან, არქიტექტურის სამსახურში რეგისტრირებულ არც ერთ განცხადებაზე არ დაფიქსირებულა ვადაგადაცილება და მოქალაქეები, ისევე როგორც დეველეპორები და არქიტექტორები იღებენ კვალიფიციურ მომსახურებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში“, - აღნიშნა კალაძემ.