რიკოთზე ავტობანის მშენებლობის დასრულების ახალი ვადა გუშინ დასახელდა, მაგრამ შეიძლება, იგი სულ მალე კიდევ დაირღვეს.სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი 3-4 წელიწადში ვერაფრით მოესწრება და მისი დასრულება არაერთი წლით გადაიწევს. რთული რელიეფისა და სამუშაოების სიძნელის გამო მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წლისთვისაც გამორიცხულია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ავტობანის მთლიანი მონაკვეთი 2022 წელს დასრულდება.
"რიკოთი შედგება 4 ლოტისგან, მათგან ერთზე უკვე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას, გეგმა იყო, რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, უბრალოდ ახლა ვამბობთ, რომ რიკოთის მთლიანი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს გადავა. დანარჩენი მონაკვეთები ასევე არის გამზადებული ტენდერისთვის და წელსვე იქნება გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, ზოგადად, საუბარია მხოლოდ პროექტების 1-2-წლიან გადავადებებზე და არა - 10-წლიანზე.
ცქიტიშვილის განცხადებით, გზების მშენებლობა პრიორიტეტად რჩება და გაზრდილია დაახლოებით მილიარდი ევროთი, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, პროექტირების ეტაპზე იყო ზედმეტად ოპტიმისტური დაგეგმვა და აღმოჩნდა უფრო რთული გეოლოგიური და ფაქტობრივი პირობებიც.
სპეციალისტები ამბობენ, რომ 3-4 წელიწადში პროექტი ვერ დასრულდება. მშენებლობისა და ურბანიზაციის ყოფილი მინისტრის მერაბ ჩხენკელის აზრით, რთული რელიეფის პირობებში პროექტის განხორციელების ვადა შეიძლება, კიდევ დაირღვეს.
„მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების კონკრეტულ ვადებში ჩატევა ჭირს ხოლმე. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რა ღირებულების სამუშაოა, ექსპერტიზა გავლილი აქვს თუ არა პროექტს და მერე ვადები განისაზღვროს. წინასწარ ამაზე საუბარი ცოტა რთულია. ჩვენ ვიცით, რომ პირობები არაერთხელ დაირღვა.
როგორც ყოველთვის, შესაძლოა, ჩინელების ან სხვა იაფი მუშახელის გამოყენება სცადონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინ ააშენებს ავტობანს, რომელიც ძალიან დიდი მონაკვეთია, თანაც პირველი კატეგორიის ტრასაა და უმძიმეს სამუშაოს მოითხოვს.
ცალკე საკითხია მშენებელი ორგანიზაციის სწორად შერჩევა. მშენებლობის პროცესს თუ ეტაპებად ან უბნებად დაყოფენ, უფრო შეიძლება ვადებში ჩატევა, მაგრამ რთული რელიეფი პროექტის 3-4 წელიწადში დასრულების საშუალებას ძნელად იძლევა", - განუცხადა „რეზონანსს“ ჩხენკელმა.
როგორც ცნობილია, რიკოთის ავტომაგისტრალის სიგრძე 52 კმ-ია. დაახლოებით იმავე მონაკვეთის მშენებლობას (რუისიდან ჩუმათელეთამდე) 6 წელი დასჭირდა და ჯერაც არ არის დასრულებული. 2013 წლიდან დაწყებული პროექტი კიდევ გრძელდება, თანაც გაცილებით მარტივ რელიეფზე და მისი დასრულება 2019 წლამდე ვერ მოხერხდება.
ანალიტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ პროექტის განხორციელებას არაერთი წელი დასჭირდეს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მაგისტრალური გზების მშენებლობის მანკიერ პრაქტიკას არ ივიწყებს და ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა შესაძლოა, რიკოთის მონაკვეთსაც შეექმნას.
„რიკოთის ავტობანი ყველაზე რთული მონაკვეთია, რომლის დაპროექტება და შემდეგ მშენებლობის განხორციელება დიდ დროს მოითხოვს.
რაც შეეხება ტენდერის გამოცხადებასა და მის შესრულებას, სამწუხაროდ, ჩვენ გზების მშენებლობის პროცესში ვგაქვს პრაქტიკა, როდესაც წინასწარ დაგეგმილ ვადებში ვერ ხდება მშენებლობა. კარგად გვახსოვს სამტრედია-გრიგოლეთის, ქობულეთის შემოგარენისა და სხვა მრავალი მაგისტრალის მშენებლობის პროცესი და ვადებთან დაკავშირებული პრობლემა. ეს პროექტები გაცილებით ადვილად განხორციელებადია, ვიდრე რიკოთის მონაკვეთი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ დროში საკმაოდ გაიწელა და თითქმის ყველა მათგანის მშენებლობას დაგეგმილზე მეტი დრო მოანდომეს.
როდესაც ისეთ რთულ მონაკვეთზე ვსაუბრობთ, როგორიც რიკოთის მაგისტრალია, დიდია ალბათობაა, რომ მისი განხორციელების ვადა კიდევ გახანგრძლივდეს. საპროექტო სამუშაოებზე საუბარი კიდევ ვერ დამთავრდა და პროექტი საბოლოო სახით არ არის წარმოდგენილი. ასაშენებელი ხიდებისა და გვირაბების რაოდენობაც ყოველთვის იცვლება. ეს დეტალებიც საბოლოოდ დასაზუსტებელია,“ - ამბობს კაპანაძე.
მისი გაცხადებით, კომპანიები პროექტის განხორციელებისას მუდმივად კონტროლის ქვეშ უნდა ჰყავდეთ, რათა ნაკისრი ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულონ.
„ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ პროექტირება დასრულდა და ამის შემდეგ უფრო შესაძლებელია ვარაუდი, თუ რა ვადებში იქნება მისი ამოქმედება შესაძლებელი. სანამ საბოლოო სახით არ ვიცით პროექტი, კონკრეტული ვადების დასახელება ნაადრევია.
რიკოთის მაგისტრალი ყველაზე რთული პროექტია, რომელიც აქამდე საქართველოში განხორციელებულა. თანაც, საკმაოდ ცუდი პრაქტიკაა, როცა კომპანიები არღვევენ პირობას და დათქმულ ვადებში გაცილებით მარტივ მონაკვეთებზეც კი პროექტის დასრულებას ვერ ართმევენ თავს. სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს პრაქტიკა გაგრძელდეს.
ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კონკრეტულად გზების დეპარტამენტის მობილიზება, რომ კომპანიები ჰყავდეთ მუდმივად კონტროლის ქვეშ, რათა მშენებლობის ვადები მინიმუმამდე დაიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რიკოთის ავტობანის მშენებლობისთვის კიდევ არაერთი წელი დაგვჭირდება“, - ამბობს გიორგი კაპანაძე.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი“