"ალ ჯაზირა": საქართველო მიგრანტებს ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნება

"საქართველო მიგრანტებს ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნება", - ამ სათაურით აქვეყნებს ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" რობინ ფორესტერ-უოკერის რეპორტაჟს საქართველოდან.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ერთ დროს საქართველოში მიესალმებოდნენ უცხოელი ბიზნესმენების მიერ სასოფლო მიწების შესყიდვას, თუმცა საქართველოში მყოფი ბევრი აზიელი ახლა იძულებულია დატოვოს ქვეყანა, რადგან უარს ეუბნებიან ვიზის გაგრძელებაზე.

ამასთან, როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოს წინა ხელისუფლებამ დიდძალი თანხები დახარჯა უცხოელი ინვესტორების მოზიდვის კამპანიაზე.

"ბევრმა ბიზნესმენმა აზიიდან და შუა აღმოსავლეთიდან ადვილად მიიღეს საქართველოს ვიზები და მიტოვებული მიწები იაფად შეიძინეს. მათ დაიწყეს მოსავლის მოყვანა და ქართულიც კი ისწავლეს, მაგრამ გასულ წელს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუჩერა უცხოელებს უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით", - ნათქვამია "ალ ჯაზირას" სიუჟეტში.

ამასთან, ავტორის თქმით, თებერვალსა და მარტში საქართველოს იუსტიციის სახლმა 50%-ზე ნაკლებ აზიელსა და ირანელს გაუგრძელა ვიზა, მაგრამ ბევრს ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრა. როგორც ავტორი აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლმა კომენტარზე უარი თქვა.

რობინ ფორესტერ-უოკერი ასევე აღნიშნავს, რომ კრიტიკოსთა განცხადებით, საქართველო ამით უცხოურ ინვესტიციებს კარგავს. მისივე თქმით, ბევრმა ინდოელმა ფერმერმა საქართველო უკვე დატოვა.

იხილეთ ვიდეო