უმუშევრობა, ეკოლოგიური პრობლემები, ინფლაცია, არასტაბილური პოლიტიკური გარემო, კრიმინალური მდგომარეობა - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.სოციოლოგიურ გამოკითხვებში ამ სიის ჩამონათვალში, პირველ ადგილს ყოველთვის უმუშევრობა იკავებს ხოლმე.
UNICEF-ის "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. ამის ფონზე, საწვავის ფასისა და შესაბამისად, საცხოვრებელი ხარჯების ზრდაც, კიდევ უფრო მტკივნეულად აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე.
უკვე თითქმის ორი თვეა, რაც ყველა ტიპის საწვავზე ფასები ყოველდღიურად იცვლება. ამ ხნის განმავლობაში, საწვავი საშუალოდ 5-11 თეთრით გაიზარდა. ხოლო გასული წლის ივნისთან შედარებით, 2018 წლის ივნისში ყველა ტიპის საწვავი სულ მცირე 20 თეთრით არის გაძვირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მომხმარებელი რეგულარის ტიპის საწვავს ჰყავს და ფასის მატებაც ყველაზე მეტად სწორედ მასზე აისახება ხოლმე.
მძღოლ რესპონდენტთა უმრავლესობა, რომელთაც ვკითხეთ, მათი დაკვირვებით, რამდენი თეთრით გაძვირდა საწვავი ბოლო 1 წლის განმავლობაში, გვპასუხობს რომ 20-30 თეთრით.
„წინა ზაფხულთან შედარებით საწვავი 20-25 თეთრითაა გაძვირებული. რაც შეეხება რაოდენობის კლებას, ამაზე ორი ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ორივეზე მოგვატყუეს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ჯიბეზე. დღეში ჯამში 60 კილომეტრს გავდივარ სამსახურამდე და უკან, შესაბამისად ხარჯიც დიდია" - ამბობს ბელა მაღლაფერიძე ჩვენთან საუბარში.
"ერთი წლის მანძილზე 35 თეთრამდე გაძვირდა საწვავი. ვფიქრობ, გარიგებულები არიან კომპანიები, რადგან ფასდაკლების ბარათებს ვაკვირდები და ყველა ერთნაირად მუშაობს. ვისაც ფასდაკლების ბარათი არ აქვს, მათ სხვა კომპანიებთან შედარებით 10 თეთრით ნაკლები აქვთ ფასები. გარდა ამისა, მგონია, რომ შეძენისას რაოდენობაშიც მატყუებენ", - აცხადებს თორნიკე საგანელიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.