„ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დამატებით შეღავათები დაწესდება“

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დაწესდება დამატებით შეღავათები, რაც მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება ქართული პროდუქციის წარმოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.მამუკა ბახტაძემ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრისას ფარმაციის სფერო მოიყვანა და აღნიშნა, რომ ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. მისი თქმით, ეს სრულიად მიუღებელია.

„ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით დაწესდება დამატებით შეღავათები, რაც მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება ქართული პროდუქციის წარმოებისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან წესებზე, ის მაგალითი, რომელსაც მე მოგიყვანეთ, არის ამის ნათელი გამოვლინება - ეს შეეხება ფარმაციის სფეროს.

ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა გახადა. მაგალითისთვის, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. რა თქმა უნდა ეს სრულიად მიუღებელია, მითუმეტეს როდესაც შეეხება ისეთ სენსიტიურ სექტორს, რომელიც შეეხება ფარმაციას და წამლებს.

თუ ნახავთ უახლეს კვლევას, ნათლად დაინახავთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ხარჯის ნაწილი სწორედ წამლების შესყიდვაზე მიდის. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოთავაზება იქნება, რომ გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ს გადასახადიდან და ამით შევუქმნათ მათ თანაბარი პირობები, რომ გასწიონ კონკურენცია და მოიზიდონ დამატებით ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, კონკურენციაში შევიდნენ იმპორტირებულ საქონელთან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. მამუკა ბახტაძე ამჟამად სამთავრობო პროგრამას წარადგენს.