ბარაკ ობამა აღმოსავლეთ ევროპისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს

ბარაკ ობამა კონგრესს წინადადებით მიმართავს, ერთი მილიარდი დოლარი გამოყოს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედროების განთავსებისთვის.

ამასთან, "ბიბისი"-ს ინფორმაციით, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში ჩასვლისას, აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტ, ბრონისლავ კომაროვსკისთან შეხვედრისას განაცხადა, ამერიკის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წმინდა მოვალეობაა.

"ჩვენი ვალდებულება პოლონეთის და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელი სხვა მოკავშირეების მიმართ ჩვენივე უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ამიტომ წმინდაა", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ევროპული ტურნეს ფარგლებში ბარაკ ობამა დღეს უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს შეხვდება. 6 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთში, ნორმანდიის ბრძოლის 70 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ამასთან, ღონისძიებაზე მიწვეულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუმცა თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ორმხრივ მოლაპარაკებებს არ გამართავენ.