„საქართველოს ბანკი“ როგორც ვიცი გაიყო, ყიდის საბანკო აქტივს და გადის საბანკო სისტემიდან“- ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ცვლილებების გავლენების შეფასებისას განაცხადა.
„საქართველოს ბანკი“ როგორც ვიცი გაიყო, ყიდის საბანკო აქტივს და გადის საბანკო სისტემიდან. მეპატრონეები ვინც არიან, ისინი გადიან და რჩებიან სხვა ბიზნესში. მათ წარმატებულ ბიზნესს ვუსურვებ, მთავარია, ბანკირები აღარ იყვნენ,“ - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), რომლის მფლობელობაშიც სხვა ბიზნესებთან ერთად „საქართველოს ბანკიც“ შედიოდა, გაიყო და ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით აგრძელებს. ერთი კომპანია საბანკო (Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (BGEO Investments) მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ გაყოფის პროცესის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ირაკლი გილაურმაც დატოვა. გაყოფის შედეგად კომპანიებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი საინვესტიციო ჯგუფიდან BGEO ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 კომპანიაა წარმოდგენილი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ (Bank of Georgia Group), „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG Healthcare).
ცნობისთვის, საინვესტიციო ჯგუფმა BGEO-მ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად გაყოფის თაობაზე 2017 წლის 3 ივლისს განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ კომპანიის აქციონერთა საბჭომ 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა.