მრავალპროფილური კონცერნის General Electric-ის აქციები 26 ივნისიდან Dow Jones-ის ინდექსიდან ამოირიცხება და მათ ნაცვლად ინდექსში, რომელშიც 30 კომპანია შედის, სააფთიაქო საცალო ქსელ Walgreens-ის აქციები განთავსდება.როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, ინდექსის შემადგენლობაში ცვლილება სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროში Dow Jones-ს ქვეყნის ეკონომიკური და საფონდო ბაზრის უკეთ გაზომვის საშუალებას მისცემს.
General Electric-ი აღნიშნულ ინდექსში 1896 წლიდან 1907 წლამდე უწყევეტად ირიცხებოდა და მის ჩამონათვალში უძველესი წევრი იყო. გასული საუკუნის 90-იან წლებში კი General Electric-ი კაპიტალიზაციის მხრივ მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია იყო. ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის აქციები 50%-ით არის შემცირებული და ამ ინდექსში შემავალ კომპანიებს შორის ყველაზე დაბალფასიანია.
კომპანია ბოლო წლების განმავლობაში პრობლემებს განიცდის, რაც გამოიწვია მისმა გამოსვლამ სადაზღვევო ბიზნესიდან და მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებამ მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიამ, რომლის კაპიტალიზაცია ამ მომენტისთვის 110 მილიარდ დოლარს შეადგენს, შეამცირა დივიდენდები, ყიდის აქტივებს და ახორციელებს რესტრუქტურიზაციას, რომელიც შესაძლოა, მის გაყოფამდე მივიდეს.
აღსანიშნავია, რომ მისი ჩამნაცვლებელი კომპანიის კაპიტალიზაცია მხოლოდ 64 მილიარდი დოლარია, მაგრამ Walgreens-ის აქციების ფასი ამ დროისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე General Electric-ისა, Dow Jones-ი კი მხოლოდ აქციების ფასს ადგენს და მისთვის კომპანიების კაპიტალიზიაციას არ აქვს მნიშვნელობა.
კოკა კვირკველია