"დიდი შვიდიანის" ქვეყნების ლიდერები დღეს რუსეთის გარეშე შეიკრიბებიან

ბრიუსელში, "დიდი შვიდიანის" ქვეყნების ლიდერები დღეს რუსეთის გარეშე შეიკრიბებიან.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ორდღიანი სამიტის განმავლობაში მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება. მხარეები ასევე განიხილავენ საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს.

ამასთან, 1997 წელს, რუსეთის "დიდ რვიანში" გაწევრიანების შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ლიდერები რუსეთის გარეშე შეიკრიბებიან.

სამიტის გამართვა თავდაპირველად სოჭში იგეგმებოდა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, რუსეთი "დიდი რვიანიდან" გარიცხეს, შეხვედრის გამართვა კი ბრიუსელში გადაწყდა.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი "დიდი შვიდიანის" სამიტს არ დაესწრება, მსოფლიო ლიდერებს ის 6 ივნისს, საფრანგეთში, ნორმანდიის ბრძოლის 70 წლის იუბილეზე შეხვდება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კემერონთან.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საფრანგეთში ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს არ გამართავს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა.